00:10 | 2021-11-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

უნიკალური ფრესკები ნადგურდება – ქოლაგირის გადასარჩენად ბრძოლა იწყება!

უნიკალური ფრესკები ნადგურდება – ქოლაგირის გადასარჩენად ბრძოლა იწყება!

გარეჯის ქოლაგირის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები ნადგურდება. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ „პრაიმტაიმს“ სოფელს ბოდბისხევის მაცხოვრებლებმა მიაწოდეს. გამოზავნილ ფოტომასალაზე აღბეჭდილი უნიკალური ფრესკები დაზიანებულია. ისინი დაუყოვნებლივ შევლას ითხოვს. ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი განადგურების პირას მყოფი კულუტურული მემკვიდეობის ძეგლის შესახებ პატარა ისტორიას მოგითხრობთ…

 

„ქოლაგირის“ ისტორია

 

ქოლაგირის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და XI-XII საუკუნეებით თარიღდება. მონასტერი ადვილად შლად ქანებშია გამოკვეთილი და სწორედ ამან გამოიწვია მისი ნგრევა დაარსებიდან 30 წელში.

 

1998 წლის ექსპედიციის მასალებში აღწერილი ბევრი დეტალი დღეს უკვე აღარ არსებობს.

 

ამ დროისთვის კომპლექსისგან მხოლოდ რამდენიმე ქვაბია ნაწილობრივ შემორჩენილი, რომლებიც სავარაუდოდ ერთმანეთთან გასასვლელებით იყო დაკავშირებული.

 

კომპლექსი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მაღალმხატვრული, ოსტატურად შესრულებული მოხატულობით. რელიგიურ სიუჟეტებთან ერთად ქოლაგირში გვხვდება საერო პირთა გამოსახულებები წარწერებით, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მიმართ ინტერესს. ერთ-ერთ განმარტებით წარწერაში ნახსენებია დემეტრე მეფე და მწიგნობართუხუცეს – ჭყონდიდელის ტიტული. ამ წარწერების გათვალისწინებით მეცნიერები მიიჩნევენ, რომ XII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეები არიან წარმოდგენილი, კონკრეტულად კი დემეტრე პირველის გაზრდილი ვარდან კოლონკელიძე, ანტონ გნოლისთავისძე, რომელიც თანამდებობის წართმევის შემდეგ გარეჯის მონასტერში დასახლდა, ასევე ვარდან კოლონკელიძის ოჯახის წევრები და კახეთის საერისთავოს გამგებელთა – მახატლისძეთა ოჯახის წევრები. სამონასტრო კომპლექსის მოხატულობა XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

 

სწორედ ეს უნიკალური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღეს განადგურების პირას არის. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტს“ მიწოდა.

 

ორი დღის წინ, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა – არქეოლოგმა ქეთი დიღმელაშვილმა, ქვისა და კედლის მხატვრობის მდგომარეობის გასაცნობად, მოინახულეს.

 

ფოტო გადაღებულია 2013 წელს

 

 

ფოტო გადაღებულია 2021 წელს

 

 

„საყდრისის კომიტეტის“ ერთ-ერთ წევრს, ნინო ბურჭულაძე ამბობს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ქოლაგირის კედლის მხატვრობა, რომელიც გარდა ბუნებრივი პროცესებისა წლების განმავლობაში უპასუხისმგებლო მოქალაქეების ვანდალური ქმედებების მსხვერპლიც იყო, რის შედეგადაც უნიკალური ფრესკების უმრავლესობა განადგურების პირასაა.

 

„როდესაც ვარკვევდით დეტალებს სამონასტრო კომპლექსის შესახებ, სპეციალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი და თქვეს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ნატაძრალის კედლებზე არსებული ფრესკების გადარჩენა. გადავწყვიტეთ ადგილზე ჩასვლა. დახმარება ვთხოვეთ არქეოლოგ ქეთი დიღმელაშვილს, რომელთანაც წლების განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ვიცოდით, რომ ქეთი ქოლაგირში 2013 წელსა იმყოფებოდა და მისთვის უფრო თვალსაჩინო იქნებოდა რა ცვლილებები განიცადა ძეგლმა წლების განმავლობაში.

 

ადგილზე ჩასულებს, მდგომარეობა კიდევ უფრო რთული დაგხვდა ვიდრე წარმოგვედგინა. დაახლოებით 800 წლოვან ფრესკებს, ბუნებამ ისე ვერაფერი დააკლო, როგორც ადამიანებმა თავიანთი ვანდალური ქმედებებით. ფრესკებზე ამოკაწრული წარწერები ვნახეთ… „ქოლაგირის“ ფრესკების უნიკალურობა არამარტო მის ფერებში და შესრულების ტექნიკაშია, არამედ ის იმითაც არის გამორჩეული, რომ რელიგიური სცენების გარდა საერო პირების პორტრეტებია გამოსახული, რომლებიც არ არიან მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში.

 

თუ ვერ შენარჩუნდება ამ ქვაბულების გადარჩენა, იქნეს ფრესკები მაინც გადავარჩინოთ. მანამდე კი შესწავლილი უნდა იყოს ქოლაგირი კომპლექსურად. „საყდრისის კომიტეტმა“ უკვე გავავრცელეთ განცხადება და საჯაროდ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და შესაბამის უწყებებს და ვთხოვეთ, რომ შეიქიმნას კომპლექსური ჯგუფი, რომლებიც შეაფასებენ როგორც კლდის სტრუქტურას, ასევე კედლის მხატვრობის მდგომარეობას და მას შემდეგ რაც დაიდება დასკვნები და იქნება გაცემული რეკომენდაციები, სასწრაფო წესით უნდა შექიმნას „ქოლაგირის“ კედლის მხატვრობის გადარჩენის სამოქმედო გეგმა. „საყდრისის კომიტეტმა“ უკვე მიმართა წერილით მსოფლიოში ცნობილ კლდის ძეგლების სპეციალისტს, იუნესკოს ექსპერტს -კლაუდიო მარგოტინს და სათანადო ფოტოების დართვით მდგომარეობის პირველადი შეფასება ვთხოვეთ. ვგეგმათ სამეცნიერო წრეებთან შეხვედრებს, რომ ძეგლის ინტერესები უკეთესად იყოც დაცული.

 

„ქოლაგირის“ სამონასტრო კომპლექსის ქვაბულები არის საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილზე. ამ დროისთვის უკვე გადაადგილებაც არ არის უსაფრთხო. ჩვენ იქ აღმოვაჩინეთ შავი არქეოლოგის კვალიც. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ტაძრის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე მოიტანა.“ – ამბობს ნინო ბურჭულაძე.

 

„ჩამონგრეული ტაძრის კედლებზე არსებული ფრესკები დაზიანებულია. იქ სადაც ნალექი ხვდება, ფრესკებზე საღებავი გაცრეცილია. გარდა ამისა იქ მისული ადამიანები აზიანებენ ფრესკებს… სამწუხაროდ პროცესები შეუქცევადია. რაც მალე მოხდება ფრესკების გადარჩენა, მით უკეთესი იქნება, რადგან რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად დაიკარგება უნიკალური ფრესკები.“ – ამბობს ქეთი დიღმელაშვილი.

 

ქოლაგირის მდგრადობა დღეს-დღეობით უნუგეშოა და არც სპეციალისტების პროგნოზია საიმედო, თუმცა კედლის მხატვრობის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამიტომ „საყდრისის კომიტეტი“ უნიკალური მხატვრობის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს!

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X