
„იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს იკავებდა ამ კადრების გასაჯაროებისგან ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ შეიძლება, ეს არ ყოფილიყო ლამაზი სანახავი და ეს გათვლილი უნდა ჰქონოდა, ასევე ოპოზიციასაც – მიხეილ სააკაშვილი ისედაც არ არის კარგი სანახავი და ამაში ვგულისხმობ მის ფსიქოტიპს თავიდან ბოლომდე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, ახლა ოპოზიცია სრული კადრების გასაჯაროებას ითხოვს, რადგან უნდათ, რომ კიდევ უფრო სამარცხვინოდ გამოჩნდეს მათი ბელადი.
„ადვილი საპროგნოზო იყო, რომ ის არ იქნებოდა კარგი სანახავი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც საბოლოო ჯამში ვნახეთ. სწორედ, ეს იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტრო დღეების განმავლობაში არ ასაჯაროებდა ამ კადრებს, თუმცა იყო დაჟინებული მოთხოვნა როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ასევე ოპოზიციური მედიის მხრიდან. ისინი ითხოვდნენ ყოველდღიურ რეჟიმში ამ კადრების გასაჯაროებას და ამასთან ერთად, ვრცელდებოდა უამრავი ცრუ ინფორმაცია გადაყვანის დეტალებთან დაკავშირებით.
ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, წინასწარ იყო გათვლადი, რომ ეს კადრები არ იქნებოდა კარგი სანახავი, თუმცა ეს იყო მათი მოთხოვნა. როცა არის უამრავი სიცრუე, რაც ჟღერდება კონკრეტული მხრიდან, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, პასუხი და პასუხი უნდა იყოს სიმართლე და ეს სიმართლე იყო ასახული იმ კადრებში.
ეს კადრები როგორც ჩანს არ ეყოთ და არ ვიცი, ალბათ, უწყვეტი კადრიც არსებობს და ამაზე იუსტიციის სამინისტროა ბუნებრივია, კომპეტენტური. ახლა კრიტიკა წამოვიდა იმაზე, თუ რატომ გასაჯაროვდა და ახლა, კიდევ დამატებითი კადრების გასაჯაროვებას ითხოვენ – სრული უნდათ, რომ კიდევ უფრო სამარცხვინოდ გამოჩნდეს მათი ბელადი. როგორ პარადოქსში არიან შესული ამას თავადაც ხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























