19:19 | 2021-11-16 ავტორი: Prime Time

ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს – თენგიზ ცერცვაძე

ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს – თენგიზ ცერცვაძე

ყოვლად დაუშვებელია, რომ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც არ არის ევროპისა და მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში.

 

„პირველი ფაქტორი არის ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა. სრულიად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი, დაახლებით 25%, რაც არის 1 მილიონ ადამიანი. მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი.

 

მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ პირბადის გამოყენების პროცენტი ისევ დაბალი რჩება – 40-45%. ამ დროს ევროპისა და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი ნიღბის ტარება 90%-ს აღწევს.

 

მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა, ეს არის პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ვწუხდით, რომ საქართველოში ტრადიციულად ძალიან ძნელი იყო ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება – ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს და სხვა. ამას ახლა პოლიტიკურად მოტივირებული პერმანენტული აქციები დაემატა. გასაგებია, იყო არჩევნები, არის საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ერთი, ორი, ხუთი, ათი აქცია, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი.

 

საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც არ არის ევროპისა და მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში. ვერცერთ ქვეყანას დაასახელებთ, სადაც სამივე ეს ფაქტორი ერთობლივად გვხვდებოდეს – პირბადეების ძალიან დაბალი გამოყენება, ვაქცინაციის ძალიან დაბალი მოცვა და პერმანენტული ხალხმრავალი შეკრებები. შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი მოსახლეობა მიდის შეგნებულად თუ შეუგნებლად იმაზე, რომ საქართველოში ასევე პერმანენტული იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი და გარდაცვალების ძალიან მაღალი რიცხვი. თითქოს ყველა ამაზე წუხს, იწერება გულში ჩამწვდომი პოსტები „ფეისბუქზე“, ისმის გამოსვლები ტელევიზიაში, რომ გვყავს 70-80 გარდაცვლილი და ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და ამ დროს არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალოს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

 

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა

 

რას აკეთებდით მაშინ, როდესაც ცოტნე გამსახურდია შიმშილობდა – წამყვანის კითხვა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს

 

VIDEO: „ინგამ მომაკვდავი თვალებით გადმომხედა და ბავშვებზე შემეკითხა“ –  ბათუმის ტრაგედიის სულისშემძვრელი ამბავი

 

რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

ავტორი: Prime Time

X