
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს მადლობას უხდის.
„მინდა ვუთხრა მადლობა ბატონ ამირან გამყრელიძეს მოქალაქეობრივი პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისათვის პაციენტ მ.სააკაშვილის მიმართ,“ – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„მე ვიცნობ საკმაოდ კარგად საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩვენ ერთად მოგვიწია გარკვეული პერიოდი მუშაობა პარლამენტში 90-იანი წლების ბოლოს. ასევე საქართველოს მთავრობაში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი. მქონია არც თუ ისე ხშირად სხვადასხვა საკითხების შესახებ განხილვა. მე ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ბატონ ნიკასთან. ჩვენ ერთად საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით მაშინდელ სამედიცინო ინსტიტუტში. საკმაოდ ახლო ურთერთობა მაქვს მის დედასთან, ქალბატონ გიულისთან, რომლის უნივერსიტეტის დაარსებასა და გამართვაში გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი. ბატონი მიხეილის ბებია იყო ჩემი მასწავლებელი, როდესაც მე ვსწავლობდი სამედიცინო ინსტიტუტში.
მიუხედავად ამ ახლო ურთიერთობისა, ბევრ საკითხში ჩვენი შეხედულებები ხშირად იყო განსხვავებული. მაგრამ ამას მე ახლა არ ვეხები. ის პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა უკვე იმაში, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის პაციენტია და არანაირი ნიშნით არ ვასხვავებთ. ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველაფერი, რაც სჭირდება. მე, როგორც ექიმი, ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მე მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.






















