
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ, არ გახლავართ ექიმი, ეს ექიმების საქმეა და ამ პროცესში სხვადასხვა პროფილის მრავალი ექიმი არის ჩართული, მათ უნდა ვენდოთ, მათ უნდა მოვუსმინოთ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მე მხოლოდ ვიტყოდი, რომ როდესაც მქონდა შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის რანგში მემართა პენიტენციური სამსახური, პრინციპი იყო ერთი, თუ პატიმარს სჭირდება სამოქალაქო სექტორში გადაყვანა, ის არის გადაყვანილი. ვიდრე მას ეს არ სჭირდება, ის მკურნალობს საპატიმრო პირობებში, ანდა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ეს პრინციპი დღესაც ძალაშია, ყველა ფაქტი და მტკიცებულება ამას მოწმობს.
მინდა, საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, რომელიც შეიძლება, მწვავედ იყოს ჩემს პოლიტიკურ გუნდთან დაპირისპირებული, თუნდაც პირადად ჩემთან, ვუთხრა რომ, არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი. შეგიძლიათ, იყოთ მშვიდად, რადგან როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება. ვიდრე ეს არ კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ყველა პატიმარს, ვინც შიმშილობს, და დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს ერთადერთი, ვინც საპატიმროებში შიმშილობს, მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და კვლავ მოვუწოდო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ. სახელმწიფო კი თავის ვალდებულებებს რა თქმა უნდა შეასრულებს“, – განაცხადა წულუკიანმა.






















