
სააკაშვილს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვს. არა იმიტომ, რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს სურს დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც ახლა გარეთ დგას და ითხოვენ სამკურნალო დაწესებულებაში მის გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის მისი არჩევანი.
არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი აგრძელებს ბრძოლას.
მაგრამ, ის, რაც ყველას დღეს გვაღელვებს იმასთან დაკავშირებით რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მან შეწყვიტოს შიმშილობა, მას აქვს ასეთი დამოკიდებულება – ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ამ ეტაპზე იყოს შემაფერხებელი, ამ ღონისძიების გასატარებლად, არის შემდეგი: მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია, მათთან ერთად გაივლიან ტექნიკურ დეტალებს და შემდეგ გვარამია მოგვახსენებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხერხეულიძემ.






















