
თუ ქონების მემკვიდრეობით გადანაწილებისას სქესის გამო უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხართ სწორედ თქვენთვის სოციალურ ქსელში გვერი “მეც შვილი ვარ” ფუნქციონირებს, სადაც მოქალაქეები, რომლებიც სამართლებრივ დახმარებას საჭიროებენ, თავიანთ ისტორიებს აქვეყნებენ.
ამჯერად, 27 წლის მამაკაცი ოჯახურ ისტორიაზე წერს. ამჯერად, ის ჩვენს საზოგადოებაში მიღებულ სტერეოტიპს – „ქონება ბიჭს“, დაუპირისპირდა და თავისი დის ინტერესები დაიცვა.
“გავიზარდე ისე, რომ მშობლები მიმტკიცებდნენ, კანონში წერია, ქონება მემკვიდრეობით მხოლოდ კაცზე გადადისო. და მყავს და მის გასაგონად ამბობდნენ ასე ხშირად. მანამდე, მამაჩემს ის ბინა, სადაც ვცხოვრობთ, როგორ შეხვდა, იცით? სამი და ჰყავს მამას. ორი გათხოვდა, მესამე კი – არა. ჰოდა მამამ რომ დედა მოიყვანა სახლში, დედაჩემმა და მამაჩემმა დაისვეს წინ პაპაჩემი (მამაჩემის მამა) და კატეგორიულად მოსთხოვეს, დაცალოს ბინა შენმა გოგომ, აქ ჩვენ უნდა ვიცხოვროთო.
პაპაჩემს გაუშლია ხელები და უთქვამს, ჩემი შვილია დალი და მე მას სახლიდან ვერაფრით ვერ გავაგდებო. ამის გამო, დედაჩემი პაპაჩემს ხმას ბოლომდე არ სცემდა, ისე გარდაიცვალა პაპა.
რაც შეეხება მამიდაჩემს: მე პატარა ვიყავი და ცუდად მახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად შემიძლია, გავიხსენო, რომ დედაჩემმა და მამაჩემმა საწყალ დალის სული ამოხადეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მის ოთახს არ ათბობდნენ, საჭმელს არ უნაწილებდნენ ოჯახში, ტანსაცმელს უყრიდნენ და ა. შ. საწყალი, ოთახიდან ოთახში დარბოდა ხოლმე და ბავშვებს გვეკითხებოდა, ჩემი კაბა ხომ არ გინახავთო… წარმოუდგენლად მეჩვენება ახლა ეს ამბავი, მაგრამ ვიღაცის ნათქვამს კი არ ვყვები, რაც მახსოვს და მინახავს, – იმას.
საწყალი მამიდაჩემი ბოლოს გადაიხვეწა ისრაელში სამუშაოდ – აბა სხვა რა გზა ჰქონდა… მერე ჩამოვიდა, ბინა იყიდა და იქ ცხოვრობს დღემდე.
დედაჩემის მტაცებლური ბუნების გამოვლინება ამით არ დასრულებულა. ბევრი უსამართლობა აქვს ჩადენილი, თუნდაც ჩემი დის მიმართ, რომლის მიმართაც არანაირ მშობლიურ გრძნობას არ განიცდის, სავარაუდოდ, თორემ ასე დაუნდობლად არ მოექცეოდა. მე ავდექი და ჩემს დას გადავუფორმე ის ბინა, რომელიც დედაჩემმა იყიდა და რატომღაც მე მაჩუქა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ჩემს დას მისგან ერთი თეთრი არ დარჩენოდა.
ეს ძალიან ეწყინა დედას, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, შეეგუა, თუმცა დღე არ გავა, ეს ამბავი ბოღმით არ წამომაძახოს, ან შური არ იძიოს ჩემზე სხვადასხვა ფორმით. ახლა, დედას ინსულტი აქვს და წევს. მამიდაჩემმა დალიმ გულით შესთავაზა, მოვალ და მოგივლიო (მისგან განსხვავებით, სუფთა გულის ადამიანია დალი და დარწმუნებული ვარ, ეს მართლა გულწრფელად უთხრა). უნდა გენახათ დედაჩემის ისტერიკები, ეს რომ გაიგო: მაგას ხომ არ ჰგონია, აქ მამამისის დანატოვარ სახლში მოდისო?! დამანებოს თავი, მაგ გველმაო!
არადა, ვინ-ვინ და ამ ორ ქალს შორის გველი ვინცაა, კი ვიცი… ისე, ცნობისთვის იმასაც დავძენ, რომ დედაჩემი უაღრესად დიდი პატივისცემით სარგებლობს მთელს საზოგადოებაში და ადამიანები, მისი სტუდენტები და აბსოლუტურად ყველა მის გარშემო, მას აღიქვამს უკეთილშობილეს და უკარგეს ადამიანად. მხოლოდ მე და ჩემმა დამ ვიცით, ვინაა ეს ქალი სინამდვილეში… არადა დედაა, რა გინდა, რომ ქნა?” – წერს გუგა.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO – როგორია მამა პეტრეს დილის რუტინა
„მე მაქვს და მინდა დაგიბრუნო“ – სოცქსელში 5-ლარიანის პატრონს ეძებენ
ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა






















