
მის ცხოვრებაში ცუდი უფრო მეტი იყო, ვიდრე კარგად გასახსენებელი დღეები. განვლილი 35 წელი გაჭირვებასა და ბრძოლაში გაატარა. ახლაც იბრძვის საკუთარი შვილებისთვის, თუმცა გამარჯვებამდე დიდი და რთული გზაა…
ოთხი შვილის დედა, გურანდა თათეიშვილი ჯერ მეუღლის, შემდეგ კი დედისგან და ძმისგან იყო ძალადობის მსხვერპლი… ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ოჯახი გარიგებით შექმნა. 4 შვილი გაუჩნდათ. მეუღლისგან ფიზიკური ძალადობაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ამბობს, რომ ცემის შემდეგ გამოუვლინდა ეპილეფსია… ფიზიკურ ძალადობას რომ ვეღარ გაუძლო, სახლიდან წამოვიდა. იმ იმედით, რომ სიმშვიდეს მშობლების სახლში იპოვიდა, მწარედ შეცდა. ახალგაზრდა ქალის მეორე კოშმარი სწორედ მაშინ დაიწყო…
მეუღლისგან წამოსვლის შემდეგ მშობლებთან დაბრუნდა. საკუთარმა დედამ ოჯახის დანგრევა ვერ აპატია. ამის შემდეგ მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ძმამ და დედამ დაიწყეს. გამოსავალი რომ ვერ იპოვა, შვილების მინდობით აღზრდაში გაშვება გადაწყვიტა. ასეც მოიქცა. თავად კი სახლიდან გაიქცა და ქუთაისში დაიწყო ცხოვრება. ბინის ქირას რომ ვერ იხდიდა, დახმარება კეთილ ადამიანებს სთხოვა. ასე გაჰქონდა თავი გარკვეული პერიოდი. მერე მომავალი მეუღლე გაიცნო და ახალი ოჯახი შექმნა.
ახლა სოფელ ჭყვიშში მეუღლესთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. უკვე მესამე დღეა, რაც საკვები არ მიუღია. უსახსრობის გამო ბოლო შვიდი თვეა, შვილები არ უნახავს…
„ამდენი უბედურების გამოვლის შემდეგ, როცა საკუთარი მშობელი და ძმა დაიწყებს ფიზიკურ ძალადობას, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დღეში ვიქნებოდი. მაშინ მივიღე ურთულესი გადაწყვეტილება და საკუთარი სურვილით, ბავშვები მინდობით აღზრდაში გავუშვი. როგორც სოც-მუშაკებმა მითხრეს, როცა საკუთარი ჭერი გექნება, შვილების წამოყვანას უპრობლემოდ შეძლებო, მაგრამ ეს როდის იქნება, მხოლოდ ღმერთმა იცის. საბედნიეროდ, ოთხივე ბავშვი ერთ ოჯახში, ქუთაისში არიან. უფროსი 13 წლის არის, მეორე 10-ის, შემდეგი 6 -ის და უმცროსი 3 წლის.
როცა ბავშვები მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს, ჩემი მშობლების სახლიდან წამოვედი და ქუთაისში ვიქირავე ბინა, რომლის გადახდაში კეთილი ადამიანები მეხმარებოდნენ. პროფესია არ მაქვს, რადგან სკოლაში არასდროს მივლია. წერა-კითხვაც არ ვიცი. უსახსრობის გამო, საშუალო განათლებაც ვერ მივიღე. 3 ძმა მყავს და არც მათ აქვთ განათლება… ხშირად უთქვამთ, წერა-კითხვა აქამდე როგორ ვერ ისწავლეო. ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა, მაგრამ მეხსიერების პრობლემა მაქვს. ჩემი დედამთილიც მეხმარებოდა, რომ ანბანი მესწავლა, მაგრამ ძალიან მალე მავიწყდება… რამეს რომ შევინახავ, იმასაც ვეღარ ვპოულობ ხოლმე.
ერთი წლის წინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, შეგვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახი შევქმენით. სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმთან ვცხოვრობთ. ჩვენი საცხოვრებლის ყველა კარ-ფანჯარა დამპალია. დაზიანებულია სახურავი და წვიმის დროს როგორც გარეთ, სახლშიც ისე წვიმს. არ გვაქვს საკმარისი საწოლი. ჩემი მეუღლის შვილს არც საკუთარი ოთახი აქვს და არც საწოლი, დანგრეულ დივანზე, პაპასთან ერთად სძინავს.

ცემის ფონზე განმივითარდა ეპილეფსია. მჭირდება ყოვედღიურად მედიკამენტების მიღება, რომლის ყიდვის საშუალებაც არ მაქვს. მესამე დღეა, საჭმელი არ მიჭამია. ამის გამო კრუნჩხვაში ვვარდები… ბოლოს ექიმთან რომ ვიყავი, მითხრა, ღვიძლის დაშლის პროცესი გაქვს დაწყებულიო… მაღაზიაში 500 ლარამდე ვალი გვაქვს, პროდუქტებს ნისიად აღარ გვაძლევენ.
ამჟამად მეუღლესთან, მის შვილთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ უფროსების პენსიაა. სოციალური დახმარება მცირე მიწის ნაკვეთის გამო მოგვიხსნეს. ჩემს მეუღლეც მაშინ მუშაობს, როცა რამე გამოჩნდება… უსახსრობის გამო უკვე 7 თვეა, შვილები არ მინახავს, არც დასარეკი მაქვს, რომ ტელეფონით ვესაუბრო…“ – ამბობს გურანდა.
ჩვენს საუბარში მირანდას გერი, პატარა ათუკა ჩაერთო, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებს.
„არ მაქვს კომპიუტერი, არც ტელეფონი და ინტერნეტი. ონლაინ გაკვეთილებს ვერ ვესწრები. ხშირად საჭმელიც არ გვაქვს და მშივრები ვართ. მეშვიდე კლასში ვარ და სწავლა არ მეზარება.“ – ამბობს ათუკა.
საუბარს ისევ გურანდასთან ვაგრძელებთ…
„უკიდურესმა გაჭირვებამ სოციალურ ქსელში განცხადების გამოქვეყნება გადამაწყვეტინა. დახმარებას ვითხოვ და სულაც არ მრცხვენია. ამის გამო არაერთმა ადამიანმა გამაქილიკა, ხშირად დამცინიან… ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგრამ ასეთია ჩემი ცხოვრება. ახლა, ყველაზე მეტად ტელეფონი, საკვები, ბავშვისთვის საწოლი და თეთრეული გვჭირდება. კიდევ ერთი ოცნება მაქვს, ძალიან მინდა პატარა სახლი, სადაც ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად ვიცხოვრებ… კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს. მჯერა, რომ გულთან მიიტანენ ჩემს გასაჭირს და რაღაცით დამეხმარებიან.“ – ამბობს გურანდა.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:






















