
სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერი და ჯანმო კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენამ ძალიან შეაშფოთა. „ომიკორნი“ – ასე უწოდეს ამ ახალ, საშიშ შტამს, რომელიც უკვე დაფიქსირდა ჰონგ კონგში, ისრაელში და ბელგიაში. ექსპერტები შიშობენ, რომ მსოფლიოში ახალი შტამის გავრცელება გარდაუალია. „ომიკრონის“ შესახებ BBC-ი წერს.
ამ დროისთვის, უკვე დაფიქსირდა დაავადების ახალი შტამით დაინფიცირების 100-მდე შემთხვევა, მათი უმეტესობა სამხრეთ აფრიკის პროვინცია გაუტენგშია გამოვლენილი, იზოლირებული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც.
ჰონგ კონგში მომხდარი შემთხვევა პირდაპირ კავშირშია სამხრეთ აფრიკიდან ინფიცირებული ადამიანის ჩამოსვლასთან.
სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები თავიანთ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის შედეგებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი დიდი ალბათობით უკვე სამხრეთ აფრიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე გააუქმა ფრენები აფრიკის ექვს ქვეყანასთან – სამხრეთ აფრიკასთან, ბოტსვანასთან, ნამიბიასთან, ლესოტოსთან, ზიმბაბვესთან და ესვატინთან. აფრიკის უმეტესი ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვა პარასკევს გამოაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ვარიანტს სავარაუდოდ ბერძნული სახელი მიენიჭება – მსგავსი ალფა, ბეტა და დელტა. ახალ ვერსიას ამჟამად მოიხსენიებენ როგორც B.1.1.529.
მეცნიერთა აზრით, ახალ ვარიანტში მუტაციების რაოდენობა შემზარავია.
რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს „ომიკრონი“? მეცნიერთა აზრით, ის ძალიან განსხვავდება ყველა წინა შტამისგან.
„ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი გააკეთა და გაიარა დაახლოებით 50 მუტაცია”, – ამბობს სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტულიო დე ოლივეირა.
50 მუტაციიდან დაახლოებით 30-მა იმოქმედა ეგრეთ წოდებულ სპაიკის პროტეინზე – ვირუსის მწვერვალებზე, რომელიც მოხაზულობით მზის კორონას მსგავსია და რომლითაც ვირუსი შედის ადამიანის უჯრედებში. სწორედ ეს არის ახალი ვარიანტის ყველაზე შემაშფოთებელი თვისება, ამბობენ მეცნიერები, რადგან ვაქცინების უმეტესობა სწორედ ამ ე.წ. „ეკლების“ განეიტრალებაზე მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური მუტაცია სულაც არ არის საშიში ადამიანისთვის, ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ ვირუსისგან, რომელიც გამოჩნდა ვუჰანში და გამოიწვია პანდემია. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინები შეიძლება არ იყოს საკმარისად ეფექტური B.1.1.529-ის წინააღმდეგ.
კერძოდ, ზოგიერთი მუტაცია შეუძლებელს ხდის ადამიანის ორგანიზმში არსებული ანტისხეულების ამოცნობას, მუტაცია, რომელიც ცნობილია როგორც N501Y, ვირუსს უფრო ინფექციურს ხდის და ყოველი ახალი ტრანსფორმაციის შემდეგ, ინფექცია ვრცელდება. ეს არის – ვირუსის გავრცელების უფრო ფართო შესაძლებლობები – რისიც ახლა მეცნიერებს ეშინიათ. გარდა ამისა, ახალმა ვარიანტმა, როგორც ჩანს, ისწავლა ადამიანის იმუნური სისტემის ზოგიერთი მექანიზმის გვერდის ავლა, რომელიც ბოლო დრომდე საკმაოდ ადვილად ცნობდა ვირუსს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა კორონავირუსის ახალი ვარიანტი ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაღალი პროცენტია.
სანამ ლაბორატორიული ტესტები მიმდინარეობს, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს გააძლიერონ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და რეგულარულად მიაწოდონ სტატისტიკა B.1.1.529-ის გავრცელების შესახებ.























