
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და კობა დავითაშვილის ოჯახს შორის მრავალწლიან ურთიერთობებზე, პოლიტიკურად სხვადასხვა მხარეს ყოფნაზე, ნათლიაობაზე, კულუარულ ინფორმაციებსა და სხვა დეტალებზე “კვირის პალიტრასთან” დავითაშვილის მეუღლემ ისაუბრა.
– როგორ გახდა სააკაშვილი თქვენი შვილის ნათლია? 1997 წელს მიშა ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო და მაშინ წლის ადამიანად დასახელდა…
– კობამ სად გაიცნო, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დამეგობრდნენ. 1999 წელს დაიბადა თორნიკე და 2 თვის იყო, კობამ მიშას რომ მოანათვლინა. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მიშამ თავისი სახე გამოაჩინა. მანამდე ხშირად მოდიოდა ჩვენთან.
ბავშვი დიდუბის ეკლესიაში მოვნათლეთ. მთელი ნათლობის პროცესში თორნიკე სააკაშვილს ეჭირა ხელში, მეორე ნათლიაც გვყავს – ნონა წოწორია (წლების მანძილზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოსამართლე იყო. – ავტ.) ნონას ხელში არ გაჩერდა, ტიროდა და სულ მიშას ეჭირა. ბავშვს ხმა არ ამოუღია, ისე ჩუმად ჩატარდა ყველაფერი.
– სააკაშვილი ნახულობდა ნათლულს?
– ხშირად ვერ ნახულობდა, მაგრამ როცა შეხვდებოდა, თბილად ექცეოდა. ორჯერ წაიყვანა კობამ მასთან ბავშვი. ბოლოს 2004 წელს ნახა, თორნიკე მაშინ 5 წლის იყო. კობას მანქანის მუხრუჭების გადაჭრის ამბავი უკვე მომხდარი იყო და იმ დღეს თავისი პირით უთხრა მიშამ ლევან ვარშალომიძეს, აღარ გადაუჭრათ მანქანის მუხრუჭები, კობა თავისი ქვეყნის პატრიოტიაო. თავისი პირით უთხრა, ნუღარ მოკლავთო…
სამაჩაბლოს ომის პირველი ინციდენტი რომ დაიწყო, მიშამ კობას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. კობა შორ გზაზე მიდიოდა და უკან დაბრუნდა, ოპოზიციაში ვარ და მაინც მე მეძახის ეს კაციო. კობას ეკითხებოდა ჭკუას, მაგრამ მერე ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოუჩნდა… მიუხედავად ყველაფრისა, კობა სულ ამბობდა, მე მიშასთან პირადული არაფერი მაქვს, მაგრამ ქვეყანას და ადამიანებს რა უქნაო…
კობას საქმეში ოფიციალურად ზურაბ ადეიშვილი ცნეს დამნაშავედ, მაგრამ კობა ამბობდა, მიშას გარეშე ამას არავინ იზამდა, ყველა ბრძანებას მიშა გასცემსო. ნიკა გვარამიას უთქვამს, კობამ შეურაცხყოფა მიაყენა მიშას ოჯახსო… არასოდეს კობას მიშას ოჯახისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ყველა მისი განცხადება საჯაროა და რატომ ამბობენ ამას? ისეთ დიდ პატივს სცემდა სანდრას, რომ უნდოდა, ჩვენი მეოთხე შვილი სანდრას მოენათლა. არ შეიძლება ცოლ-ქმარმა მონათლოს ჩვენი შვილები-მეთქი და გადავაფიქრებინე…
– სანდრას თუ უცდია ოდესმე თქვენთან ურთიერთობის გარკვევა?
– არ უცდია, ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ… არც კობას გარდაცვალების შემდეგ მოსულა სამძიმარზე. სანდრა ნამყოფია ჩვენს ოჯახში, კარგი ურთიერთობა გვქონდა. მიშას ნიკოლოზი რომ შეეძინა, მაშინ კობა ოპოზიციაში იყო და იმდენად გაუხარდა, რომ ტელევიზიით მიულოცა…






















