00:39 | 2021-12-02 ავტორი: რუსა ღვანიძე

Exclusive „ძველი ამბის ახალი სიცოცხლე“ – „ჩაკრულო“, რომელმაც გალაქტიკა „გაარღვია“ და როსტომ საგინაშვილის ახდენილი ოცნება

Exclusive „ძველი ამბის ახალი სიცოცხლე“ – „ჩაკრულო“, რომელმაც გალაქტიკა „გაარღვია“ და როსტომ საგინაშვილის ახდენილი ოცნება

1977 წელს, კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“, ოქროს ფირფიტა, რომელზეც „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი, მზის სისტემაში გაიტანა.

 

ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“, რომელიც დღესაც ისმის გალაქტიკაში, „NASA“-მ კოსმოსში გასაგზავნად შეარჩია, როგორც დედამიწის ვარსკვლავთშორისი გზავნილი უცნობ ცივილიზაციებს.

 

ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 27 საუკეთესო სიმღერასთან ერთად, ნასამ კოსმოსში „ვოიაჯერებს“ გაატანა,

 

იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ ამ სიმღერაზე და მის ყველაზე ცნობილ შემსრულებელზე, დღემდე ლეგენდები დადის, როგორც დედამიწის ვარსკვლავთშორისი გზავნილი უცნობ ცივილიზაციებს.

 

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ „ოქროს ხმა“ 80 წლის როსტომ საგინაშვილი, რომელიც მშობლიურ სოფელ კოლაგში ცხოვრობს, ოჯახის და ახლობლების ძალისხმევით, ახალი პროექტისთვის ემზადება.

 

ლეგენდარული მომღერლის ქალიშვილი, ჟურნალისტი თამარ საგინაშვილი, აცხადებს, რომ პროექტი, რომელიც მამის ოცნება იყო, ცოცხალი მუზეუმის ტიპის იქნება.

 

7 წლის წინ, ბ-ნ როსტომს ინსულტი განუვითარდა. „ჩაკრულოს“ ისტორიაზე და ახალ პროექტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ მისი ქალიშვილის დახმარებით, ექსკლუზიური და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

 

როსტომ საგინაშვილი: – 1940 წლის 21 დეკემბერს დავიბადე, ამჟამად კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, საკუთარ მამულში ვცხოვრობ. მყავს მეუღლე, ნათელა საგინაშვილი, რომელიც ჩემი კლასელი და ბვშვობის მეგობარი იყო.

 

ფოტოარქივდან – როსტომ და ნათელა საგინაშვილები

 

მისი მამა, გიორგი თედიევი, მდიდარი და ცნობილი ადამიანი იყო, რომელზეც მთელ კახეთში, ლეგენდები დადიოდა. ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, ნათელა – 15 წლის იყო.

 

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, გიორგიმ დამიბარა (მეც 15 წლის ვიყავი) და მისი ერთადერთი გოგონა ჩამაბარა – მიხედე, არავის დააჩაგვრინოო. მივხედე და აგერ, უკვე 60 წელზე მეტია, ერთად ვართ. 2 შვილი, 8 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი გვყავს.

 

ოჯახში მღეროდნენ?

 

მამაჩემი, სოსო მღეროდა, ოღონდ მხოლოდ ვენახში და სუფრაზე. ყველაზე მეტად „ყვავილების ქვეყანა“ უყვარდა, ხშირად ღიღინებდა-ხოლმე თავისთვის.

 

რა პროფესიის ბრძანდებით? 

 

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ვსწავლობდი, პროფესიით, მეტყევე ვარ. დამთავრებული მაქვს ასევე, ფოტოხელოვნების ფაკულტეტიც.

 

 

ფოტოაპარატი „ზენიტი“ მქონდა, მთელი ცხოვრება ვიღებდი, რომელიც ახლაც კი შემონახული მაქვს.

 

მაშინ ფირებზე იღებდნენ-ხოლმე, ამიტომ სახლში მქონდა მოწყობილი პატარა ლაბორატორია და იქ ვამჟღავნებდი ფირებს, ზოგჯერ, ცნობილ ფოტოგრაფ ედუარდ გიგილაშვილთან მივდიოდი, კარგი მეგობრები ვიყავით.

 

როსტომ საგინაშვილის ფოტოარქივიდან

 

მაშინ ასე მარტივად არ იყო ფოტოების საქმე, როგორც ახლაა, გადაიღე – „გამოაფეისბუქე“.

 

ბევრი შრომა და დრო ჭირდებოდა – გადაღება, გამჟღავნება, დაბეჭდვა…

 

უნიკალური ფოტოარქივი მაქვს, როგორც საქართველოს ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ისტორიის, ასევე მხატვრული ფოტოები.

 

როსტომ საგინაშვილის ფოტოარქივიდან

 

მოგვიყევით, როგორ მოხვდა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში, ქართული „ჩაკრულო” 1977 წლის 20 აგვისტოს, კოსმოსურ ხომალდ „Voyager 2“ – ზე?

 

ამერიკაში, ორჯერ ვარ ნამყოფი, პირველი გასტროლი 1974 წელს იყო, იმ დროს სახელმწიფო ანსამბლში ვმღეროდი. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყანამ ჩემზე.

 

დიდებული ტურნე გვქონდა, 58 ქალაქში გავმართეთ კონცერტი, „ჩაკრულოს“ ყველგან ვმღეროდით. ჩვენთვის დღემდე უცნობია, კონკრეტულად, რომელ კონცერტზე ნამღერი ჩაწერეს.

 

ფოტოარქივი – როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე

 

სხვათა შორის, დიდხანს არ ვიცოდი, რომ ჩემი ნამღერი „ჩაკრულო“ ჰქონდათ შერჩეული. ის ხომალდები ჯერ გასულიც არ იყო, გავრცელდა ამბავი, რომ „NASA“-მ ქართველების ნამღერი „ჩაკრულო“ კოსმოსში გასაშვებად შეარჩიაო, მაგრამ ვისი შესრულებული იყო, არავინ იცოდა.

 

1977 წელს შეერთებულ შტატებში, გასტროლზე, ისევ მოგვიწია ჩასვლა. იქ მცხოვრებ ემიგრანტებს ვთხოვეთ, იქნებ ის ჩანაწერი კასეტაზე გადაგვიწეროთ და ამით მაინც გავიგოთ, ვინ მღერიან-მეთქი. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა ამ ჩანაწერის მოსმენა.

 

ოქროს დისკი

 

ამ ამბიდან, დიდი ხნის შემდეგ, ბ-მა ანზორ ერქომაიშვილმა დამირეკა, ამერიკიდან რაღაც ჩანაწერი ჩამომიტანეს და მინდა მოგასმენინო, ზაქაიძესთან ავიდეთო.

 

„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ -  მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს
2020-07-14„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ - მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს" უნიკალური რეპერტუარი

 

ილია უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასთან რომ ავედით, ანზორმა მაგნიტოფონი ჩართო და „ჩაკრულოც“ დაიწყო. ანზორმა ისიც დააყოლა, ეს ის „ჩაკრულოა“, კოსმოსში რომ დაფრინავსო და მკითხა, ხმები ხომ არ გეცნობაო.

 

მეგონა, მეხუმრებოდა და მეც გავეხუმრე, აბა მე რა ვიცი, ვინ მღერიან-მეთქი. ილიამ საწოლიდან თავი წამოყო და მითხრა – შენ ხომ არ დაყრუვდი, ჩვენს ნამღერს ვეღარ ცნობო? როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ეს ყველაფერი, საოცარი გრძნობა დამეუფლა.

 

რა სიხარული იქნებოდა თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, როცა გაიგეთ, რომ თქვენ მიერ შესრულებულ „ჩაკრულოს“, კოსმოსში მოუსმენდნენ…

 

საქართველოში ისე შეხვდნენ ამ ამბავს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ძირითადად, მომღერლების წრეში ტრიალებდა ეს
თემა.

 

იხ. ფოტო – როსტომ საგინაშვილი

 

საზოგადოებისთვის ამ უნიკალური ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, დიდი როლი შეასრულა ქართველმა მუსიკოსმა, ფოლკლორისტმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილმა და რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა.

 

სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბ-ნი ჯემალ ჭკუასელი და გენერალური მენეჯერი ბ-ნი ოთარ ბლუაშვილი, ყოველთვის უწევდნენ პოპულარიაზაციას ამ ფაქტს.

 

ბ-მა რამაზმა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო „ჩაკრულო“ და 2017 წელს, მისი დიდი მონდომების შედეგად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ვოიაჯერების“ გაშვების 40 წლსთავიც აღინიშნა.

 

ამ საიუბილეო საღმოზე, ოქროს დისკი თვით „Voyager“-ის პროექტის ხელმძღვანელმა – ჯონ კასანმა გადმომცა.

 

„ჩაკრულოს“ დღესაც უსმენენ კოსმოში…

 

ის დიდი ხანია გასცდა მზის სისტემის ფარგლებს და როგორც მეცნიერები ამბობენ, მილიონი წლის შემდეგაც კი, როცა მზე და დედამიწა, შეიძლება, საერთოდ აღარ არსებობდეს სამყაროში, ოქროს დისკებზე ჩაწერილი სიმღერები და ინფორმაციები, მომავლის სამყაროს მოუყვება, ოდესღაც არსებულ ცივილიზაციაზე, რომელმაც ასეთი უნიკალური შედევრები შექმნა.

 

უამრავი შედევრია ჩაწერილი დისკზე, მათ შორის ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, სტრავინსკის და სხვათა მუსიკალური ნაწარმოებების
სახით.

 

მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარებული „ჩაკრულო“, მსმენელში, ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს – ეს ყველაფერი ტექსტის, თუ მუსიკის დამსახურებაა?

  

ტექსტიც და მუსიკაც უძველესი დროიდან მოდის. პირველად „ჩაკრულო“ ზაქარია ფალიაშვილმა ჩაწერა გურჯაანის რ-ნ სოფელ ვაჩნაძიანში.

 

„ჩაკრულო“ ყველგან და ყოველთვის, მსმენელის, სრულიად განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ჩართეთ და მოსმინეთ ნებისმიერ დროს – მაშინვე რაღაც განსაკუთრებულს იგრძნობთ სხეულშიც და სულშიც.

 

აშშ-ში გასტროლების დროს, უდიდეს საკონცერტო დარბაზებში „ჩაკრულოს“ შესრულებისას, მაყურებელი ფეხზე დგებოდა და სიმღერის რამდენჯერმე განმეორებას ითხოვდა, დაუსრულებელი ოვაციით.

 

ამ ფაქტითაც არის ეს სიმღერა განსაკუთრებული – მისი ენერგეტიკა და ვიბრაციები, იმდენად მამოტივირებელი, ძლიერი და ზოგადსაკაცობრიოა, რომ ენა, ეროვნება, კულტურული თუ რელიგიური კუთვნილება, მისთვის სულერთია.

 

ყველას ერთნაიარად წამოაყენებს-ხოლმე ფეხზე. შეუძლებელია, ბოლომდე ჩავწვდეთ მისი დიდებულების მიზეზს – სიბრძნე არ გვყოფნის საამისოდ!

 

„ჩაკრულო“ ხომ იმ ხალხმა შექმნა, რომელსაც ესმოდა სამყაროს კანონები, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ცასთან და მიწასთან, ანუ სულიერთან და მატერიალურთან.

 

ამიტომაც არის დღემდე, ერთ-ერთი მაკავშირებელი დედამიწასა და სრულიად სამყაროს შორის და ძალიან დიდხანს იქნება კიდევ.

 

საბჭოთა ეპოქაში „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა – კრემლიდან ნასაში დარეკეს და „ჩაკრულოს“ ნაცვლად ოქროს დისკზე „Подмосковные Вечера“ ჩაწერა მოითხოვეს – როგორ გაიხსენებდით ამ ამბავს?

 

ხუმრობა ხომ არ არის, თურმე ჩვენს „ჩაკრულოს“, რუსული სიმღერა „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“ ჩაუჩოჩებია. საბჭოთა კავშირიდან ერთი სიმღერა უნდა გაეგზავნათ და რუსები თავიანთი სიმღერის გაგზავნას ცდილობდნენ. რომ არ გამოუვიდათ, ეტყობა, გაბრაზდნენ.

 

 

როსტომ საგინაშვილის ქალიშვილი თამარ საგინაშვილი (ჟურნალისტი, ავტორი პირველი ქართული წიგნი-ტრენინგისა „სამასმეერთე მილიონერი”):

 

მამა, ფოტოხელოვნებით იყო გატაცებული. მისი ოცნება ფოტო-ალბომის გამოცემა იყო. ერთხელ კიევიდან დიზაინერიც კი მოიწვია, რომ ალბომის მაკეტი გააკეთებინა, ზოგიერთი გვერდი, დღემდე შენახული გვაქვს, მაგრამ გამოცემა ვეღარ მოახერხა.

 

ადამიანებში ძალიან მიმართლებს. ისეთი, საქართველოზე და მის კულტურაზე შეყვარებული ახალგაზრდები მიდგანან გვერდით, რა შეიძლება არ გამოგვივიდეს!

 

უზომოდ მადლობელი ვარ მათი. ანსამბლ „გურჯაანის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ილია დათუაშვილის და ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელის დათო ცინცაძის, დეპუტატ დავით სონღულაშვილის და გურჯაანის ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ხელშეწყობით, უკვე მზადდება გამოსაცემად მამას ფოტოების ალბომი.

 

დათოს ხელმძღვანელობით ციფრულ ფორმატში გადაყავთ ძველი ფოტოები და მასალა რომ გავუგზავნე, გაკვირვებულმა დამირეკა – ვისია, ეს მხატვრული ფოტოებიო?

 

ფოტოარქივიდან – როსტომ საგინაშვილი ფრანგ ფოტოგრაფ ფრენსის პრიმერსკისთან ერთად

 

მამას გადაღებული ფოტოებია, სხვისას ხომ არ გამოგიგზავნიდით-მეთქი. კი, მაგრამ იმდენად მაგარი ფოტოებია, ვერ დავიჯერე და მაინც გადავამოწმეო, მიპასუხა.

 

ახალი პროექტი და გეგმები…

 

ჩვენ ახალ პროექტს, „ძველი ამბის ახალი სიცოცხლე“ შეიძლება ვუწოდოთ, რომელსაც მამას სახელზე ვაკეთებთ. 2020 წლის 21 დეკემბერს, მამა, 80 წლის გახდა.

 

ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ, მერე გადავწყვიტეთ მის საიუბილეოდ რაიმე კარგი საქმე გაგვეკეთებინა. ჯერ მამას სახლ-მუზეუმის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ. მამა ძალიან თავმდაბალია, ასეთი იყო ყოველთვის.

 

ინსულტის მერე, უკვე 7 წელია ვერც მეტყველებს და ვერც მღერის, მაგრამ თქმა რომ შეეძლოს, აუცილებლად გვეტყოდა, რა სახლ-მუზეუმი, რა გავაკეთე ასეთიო.

 

ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ ჩამოვყალიბდით, რომ უფრო საჭირო საქმე გავაკეთოთ. გადავწყვიტეთ, ჩვენი დიდი სახლი და მამული კახეთში, „სიმღერისა და ღვინის სახლს“ დავუთმოთ.

 

ეს იქნება, ცოცხალი მუზეუმის ტიპის, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. მასში განთავსდება ექსპოზიცია, სადაც ძირითადად, ფოტოებით მოთხრობილი იქნება ქართული სიმღერის ისტორია, მისი სცენაზე ასვლის საინტერესო ამბავი.

 

ექსპოზიციის ნაწილი, დაეთმობა, მამას ფოტოარქივს – სწორედ, იმ მოგზაურობას ამერიკაში, რომლის დროსაც ჩაიწერა
ლეგენდარული „ჩაკრულო“, აქვე იქნება ქართული სიმღერის მოამაგეების ფოტოები და ისტორიები და ასევე, ცნობილი გურჯაანელი მომღერლების ფოტო-ისტორიები.

 

გარკვეული ადგილი დაეთმობა იმ მუსიკალური ნაწარმოებების ექსპოზიციას, რომლებიც„ჩაკრულოს“ თანამგზავრები არიან, ამ უჩვეულო მოგზაურობაში, სამყაროს გარშემო.

 

სიცოცხლეს კი მუზეუმს შეხვედრები, ვორქშოფები, მასტერკლასები მიანიჭებს, რომლებიც სისტემატიურად მოეწყობა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, უცხოელი და ადგილობრივი სტუმრებისთვის.

 

რაც შეეხება ღვინოს, ექსპოზიციაში ადგილი დაეთმობა უძველესი ქართული ღვინის ისტორიასაც, როგორც ქართული ისტორიის და კულტურის განუყოფელ ნაწილს.

 

ქართული მრავახმიანობა „ჩაკრულოს“ სახით და ქართული ქვევრის ღვინოც, ორივე შეტანილია „იუნესკოს“ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.

 

ორივეს, ჩვენ ოჯახშიც დიდი ადგილი უკავია – პაპა, ცნობილი იყო თავისი სიმღერით და ღვინითაც. მამაც, ასევე. უძველესი მარანი გვაქვს, იმხელა ქვევრებია, თავის დროზე კოლმეურნეობის ვენახების ყურძენი იწურებოდა.

 

ეტაპობრივად, ყველაფერს გავაკეთებთ. მამა, ხშირად ყვებოდა ხოლმე ჰამლეტ გონაშვილზე, კარგი მეგობრები იყვნენ და ხშირად
უხდებოდათ ერთად ყოფნაც.

 

ბატონი ჰამლეტი უფროსი იყო და თურმე სულ არიგებდა ახალგაზრდებს – თქვენ საქართველოში ჩვენი ოჯახის სახეები ხართ, საზღვარგარეთ კი – თქვენი ქვეყნის, ამიტომ ისე უნდა მოიქცეთ, რომ თქვენი ქვეყანა, ყველამ საუკეთესო მხრიდან დაინახოსო.

 

ჩვენც, ჩვენი ოჯახის, ჩვენი საგვარეულოს სახეები ვართ ჩვენს ქვეყანაში და გვინდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ჩვენ შემდეგაც დარჩება ქვეყნის სასიკეთოდ და სასახელოდ!

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X