
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიის უფროსი ანი მაჩაბლიშვილია. იგი გვიამბობს, როგორ მოხდა ლუგარის ლაბორატორიაში კოვიდის შტამების დადგენა და კონკრეტულად ამ ეტაპზე რა შტამები გვხვდება საქართველოში.
– ქალბატონო ანი, როგორ იკვლევთ, კოვიდის რომელი შტამით დაიფიცირდა ადამიანი?
– მოსახლეობის ძირითადი რაოდენობა, დადასტურებული შემთხვევების 70-80 პროცენტი, იტესტება ანტიგენის ტექსტით. კანონმდებლობით ასეა განსაზღვრული – თუ კოვიდი ანტიგენით არ დადასტურდა, ამ დროს ხდება PCR- კვლევა, შემდეგ უკვე PCR-დადასტურებული შემთხვევებიდან ჩვენ ვაკეთებთ შენარჩევს. მთელ საქართველოს, რა თქმა უნდა, ვერ მოვიცავთ, რადგან დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ყოველდღიურად, დღეში 4000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და ამ რაოდენობით გენეტიკური ნიმუშის კვლევა ჩვენი ბიუჯეტის პირობებში უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება ნიმუშების შერჩევა, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებისა, რომლებთანაც დაავადება უშუალოდ მძიმე ფორმით მიმდინარეობს. რეგიონებიდანაც ვითხოვთ ნიმუშებს. ამ პროცესში ჩართულია აჭარის, ასევე იმერეთის სამმართველო.
ყველა ლაბორატორიას ურიგდება პროტოკოლი და იმ ტესტებს, რასაც ისინი PCR-ის დასადასტურებლად იყენებენ, უჩვეულო პასუხის მიღების შემთხვევაში, უფრო ღრმა კვლევისთვის ჩვენ გვიგზავნიან.
ძირითადად, როგორც წესი, რამდენიმე გენზე ხდება დადასტურება, მაგრამ კანონზომიერებას რომ არ ემორჩილება, ასეთ ნიმუშებს გამოვითხოვთ და, ბიუჯეტიდან გამომდინარე, ამ პატარა შენარჩევის კვლევა ხდება. ამ ეტაპზე საშუალოდ ვიკვლევთ სეკვენირების გზით კვირაში 50-დან 100 ნიმუშამდე.
2020 წლის მარტიდან, როგორც კი დაიწყო კორონავირუსი, ჩვენმა ლაბორატორიამ ტესტირების მექანიზმი ააწყო. თავდაპირველად მხოლოდ ცოტა ნიმუშს ვიკვლევდით, რადგან ყველა კლასტერი ვიცოდით და ეპიდკვლევაში ეს ძალიან გვეხმარებოდა, ვიცოდით, საიდან იყო შემთხვევა შემოტანილი. შესწავლას ეს დატვირთვა ჰქონდა, რომ ვირუსის ევოლუცია შეგვესწავლა, ახლა უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა კლასტერის განსაზღვრას. ამ ეტაპზე გენეტიკური კვლევები მიმდინარეობს, რომ უჩვეულო ვირუსის აღმოჩენა შევძლოთ, ანუ ისეთი ვირუსისა, რომელიც სხვა ქვეყანაში დაფიქსირდა, რათა ვიცოდეთ, ხომ არ შემოიჭრა ის შტამი ჩვენთან.
მსგავსი მიდგომით, მსგავსი პრინციპით ტარდება კვლევები სხვა ქვეყნებიც, არცერთ ქვეყანაში არ ხდება ყველა ნიმუშის სეკვენირება. ეს სცდება ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობას, ადამიანურ რესურსს. სხვადასხვა მასალაა და ამის დამუშავებასაც ხარჯები და დიდი დრო უნდა, ამიტომ ყველგან, ვითარებიდან გამომდინარე, რანდომულად ხდება ნიმუშების შერჩევა. რამდენიმე დღის წინ, „ომიკრონის“ გამოჩენის გამო, ისევ შევცვალეთ პროტოკოლი და გადავუგზავნეთ დიაგნოსტიკაში ჩართულ ყველა ლაბორატორიას, რომ მოგვაწოდონ ნიმუშები იმ შემთხვევაში, თუ დააფიქსირეს რაიმე განსხვავებული შედეგები.

– ანტიგენით ანუ სწრაფი ტექსტით ვერ ხდება იმის გარკვევა, თუ რომელი შტამი შეხვდა ადამიანს?
– არა, ანტიგენით ვერ დგინდება. საკმაოდ ბევრ წარმომადგენელს შემოაქვს PCR- ტესტები. რაც არის საქართველოს ბაზარზე, იმ ტესტში ერთერთი ნაკრები იჭერს კორონავისურის სამ სხვადასხვა გენს. თუ ერთ-ერთ გენზე მოგცა უარყოფითი შედეგი, ან ორ გენზე – უარყოფითი და ერთ გენზეა მხოლოდ დადებითი, ეს უკვე ტრიდერია იმისა, რომ შეიძლება რაიმე განსხვავებულ ვირუსთან გვქონდეს საქმე.
მაგალითად, წინა კვირასაც გვქონდა შემთხვევა, როცა პაციენტი ერთ გენზე იყო უარყოფითი, ანუ ჩვენმა პრაიმერების ნაკრებმა ვერ მოხდინა გენის დეტექცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს კორონა, უბრალოდ ვერ დაწერა იმ პრაიმერმა და ეს ნიმუში დავასეკვენირეთ.
ჩვეულებრივ, იყო „დელტა“ შტამის გარკვეული მუტაცია . ასეთ ნიმუშებს, სადაც განსხვავებული შედეგები გვაქვს, განსაკუთრებულად ვიკვლევთ იმის დასადგენად, ხომ არ არის მრავლობითი ცვლილებები. ანგიტენით ამის გარკვევა შეუძლებელია, PCR -კვლევის შემდეგ ხდება სეკვენირება. ამ დროს ვირუსს სრულად ვიკვლევთ და მთლიანად იშიფრება.
– ვთქვათ დაინფიცირებულ პირს მოუნდა დადგენა, რომელი შტამი შეხვდა მას, თქვენ შეძლებთ ამ მოთხოვნის საფუძველზე ანალიზის ჩატარებას? გაქვთ ასეთი მომსახურება?
– არა, ეს კვლევა განთავსებული არ არის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ჩვენ საინტერესო შტამებს ვაკვირდებით. თუმცა როდესაც ასეთი ვარიანტები ჩნდება, კომერციული ტიპის წარმოება ხდება მწარმოებლის მიერ, რომ კონკრეტული დეტექცია აღმოჩნდეს.
თავიდან, როცა ბრიტანული შტამი შემოიჭრა, მერე „დელტა“ შემოიჭრა, მაშინვე გაუშვეს მწარმოებლებმა ბაზარზე ისეთი სადეტექციო საშუალებები, რომელთა საშუალებითაც ვახდენდით პირველად იდენტიფიკაციას, იყო თუ არა ის კონკრეტული შტამი. მაგრამ ასე პირდაპირ მოქალაქე მოვიდეს და თქვას, მე მაინტერესებს, რა შტამი გადავიტანეო, ასეთი კვლევა გენეტიკური არ წარმოებს, რადგან ეს კვლევები ძალიან ძვირად ღირებულია და ადამიანს არ უღირს ამხელა თანხის გადახდა.
შტამის გარკვევა ხდება PCR-ს პლუს სეკვენირებით. ახლა ვიცით, რომ ამ ეტაპზე ჩვენთან, საქართველოში, ცირკულირებს „დელტა“ და „დელტა პლუს“ შტამი. დაახლოებით 100-მდე ნიმუშის სეკვენირება ხდება და ყველა ერთი და იგივე აღმოჩნდა. მუდმივად ყველა ნიმუშის დატესტვას აზრი ეკარგება, ამიტომ ვეძებთ უჩვეულო კლინიკას, რომ მოხდეს მისი სეკვენირება.

– აღნიშნეთ, რომ მძიმე პაციენტების ანალიზს ვითხოვთო… ყოფილა შემთხვევები, როცა მძიმე პაციენტებს სხვა შტამი აღმოაჩნდათ?
– ძირითადად არის „დელტა“ შტამი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად დიდხანს შეუძლია ვირუსს ქრონიკულ პაციენტებში ცირკულირება.
გვქონდა ერთეული შემთხვევები, როდესაც 2- 3 თვის განმავლობაშიც კი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ცირკულირებდა, ძირითადად, იმათთან, ვისაც დაქვეითებური ჰქონდა იმუნიტეტი. ეს არ იყო ახლად შეხვედრილი შტამი. 2 თვის მერე რომ დაიტესტა ადამიანი, ის ისევ იყო დადებითი ტესტით. ჩვენ საწყისი ნიმუშის და მეორეჯერ აღებული ვირუსის სეკვენირება მოვახდინეთ, შევადარეთ ერთმანეთს, იყო გარკვეული ცვლილებები, რომლებიც მის ორგანიზმში წარმოიქმნა. გვაინტერესებს სწორედ ასეთი შემთხვევები, როცა დიდხანს ხდება ვირუსის შენარჩუნება. ეს არის ერთეული შემთხვევები გამონაკლისების სახით.
– ასეთი ადამიანი 2- 3 თვე მუდმივად დადებითია?
– მუდმივად არავინ აკეთებს ტესტირებას, მაგრამ როცა ვირუსი ცირკულირებს ორგანიზმში, განმეორებით რომ ავუღებთ, ისევ ხდება დადასტურება.
– როცა რეინფიცირება ხდება, ერთი და იგივე შტამებია თუ სხვადასხვა?
– სეკვენირებისთვის, საწყისს ეტაპზე, ამ ზაფხულის ჩათვლით, შენარჩევში ვახვედრებდით რეინფიცირების შემთხვევებს, რადგან გვაინტერესებდა, რამდენად დიდხანს ინარჩუნებდა ადამიანი იმუნიტეტს და ავადდებოდა თუ არა ის ახალი შტამით. ახლა უკვე ჩავხსენით ეს კვლევა, რადგან მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ რეინფიცირების შემთხვევები 6 თვის შემდეგ ხდება. შეიძლება ადამიანს ისევ დაემართოს კორონავირუსი.
ყველა შემთხვევა იყო სხვადასხვა შტამი. პირველად რომ გადაიტანეს უხანის შტამი, შემდეგ ბრიტანული შტამით მოხდა ამ პაციენტების რეინფიცირება. ძალიან მალე ჩინური შტამი ბრიტანულით ჩანაცვლდა, რომელიც შემოდგომაზე გამოჩნდა და პიკს მიაღწია იანვარში, თებერვალსა და მარტში. ჩვენთან ცირკულირებდა ეს ბრიტანული შტამი. ნელ- ნელ შემოიჭრა უკვე „დელტა“ შტამი, ზაფხული- შემოდგომა უკვე „დელტა“ შტამი დომინირებს. რეინფიცირების შემთხვევები გამოწვეული იყო ახალი შტამების შემოჭრით.
როდის მოხდება რეინფიცირება – ამის მკაცრი კრიტერიუმი არ არის. ძირითადად, 6 თვის მერე ხდება რეინფიცირება, თუმცა უფრო მალეც შეიძლება დაემართოს ადამიანს. ვიღაცას აქვს დაბალი იმუნიტეტი და შეიძლება ახალი შტამი 4 თვეშიც დაუდასტურდეს, მაგრამ, როგორც წესი, ითვლება, რომ ჩვენი ანტისხეულები, რომლებსაც გამოვიმუშავებთ, ის უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც გვაქვს, საშუალოდ ყველა ვირუსის შემთხვევაში (არა მარტო კორონას, გრიპზეც იგივეა) 6 თვის განმავლობაში გვიცავს და, ასე თუ ისე, დაცულები ვართ, რომ განმეორებით არ შეგვხვდეს ვირუსი. თუმცა მედიცინაში 100 -პროცენტიანი არაფერი არ არის და ვიღაცას ეს ვირუსი შეიძლება უფრო ადრეც დაემართოს, ვიღაცას – უფრო გვიან. უხანის შტამი ახლა საქართველოში აღარ ფიქსირდება და ის აბსოლუტურად ჩაანაცვლა „დელტა“ შტამმა. მცირე რაოდენობით არის „დელტა“ პლუსი. „დელტა პლუსს“, „დელტასგან“ განსხვავებით, რამდენიმე მუტაცია აქვს, მაგრამ კლინიკურად განსხვავებული სურათი არ არის. წამყვანი, 95 პროცენტი არის „დელტა“ შტამი.
– მესამედ რეინფიცირების შემთხვევა ხომ არ გქონიათ?
– ჯერჯერობით – არა, მე არ მახსენდება ასეთი შემთხვევა.
– შტამებზე მკურნალობის მეთოდები სხვადასხვანაირია?
– ამას მკურნალობასთან კავშირი არ აქვს, ვინაიდან ჯერჯერობით სპეციფიკური მედიკამენტი ჩაშვებული არ არის და იცით, რომ სხვა ქვეყნებში პრეპარატებმა გარკვეული კვლევები გაიარა, მაგრამ ამ ეტაპზე სპეციფიკური მედიკამენტები არ არსებობს, რომლებიც კონკრეტულ შტამზე იმოქმედებს. მკურნალობის პრინციპი და მიდგომა ერთნაირია.
– ანტისხეულებზეც მინდა გკითხოთ, რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში?
– ჩვენთან რამდენიმე სხვადასხვა კვლევა ჩატარდა და ალბათ ამაზე სეროლოგიის განყოფილების უფროსი უკეთ გიპასუხებდათ. ანტისხეულების კვლევა მიმდინარეობდა ვაქცინირებულებშიც და კოვიდგადატანილ პირებშიც. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და ისევ და ისევ 6 თვიდან ერთ წლამდე გრძელდება იმუნიტეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფრო ადრეც არ დაგემართება.
ძალიან ხშირად მეც მისვამენ კითხვას – მაინტერესებს, ანტისხეულების ტიტრი მაქვს თუ არაო. ეს როდი გულისხმობს იმას, რომ მაღალი ანტისხეულის ტიტრის მქონე პირი არ დაინფიცირდება და პირიქით, თუ ანტისხეულების დეტექცია ვერ მოხერხდა, აუცილებლად დაგემართება ვირუსი. ანტისხეულის გარდა ჩვენ გვიცავს უჯრედული იმუნიტეტი. მეც აცრილი ვარ „ფაიზერით“ და აზრად არ მომსვლია ანტისხეულების ტიტრის შემოწმება. ჩემს ახლობელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი ანტისხეულები, მაგრმ შეხვდა კორონა და ძალიან ადვილად გადაიტანა. ვაქცინაციის აზრი სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული მძიმე ფორმებისგან. რომ არ დაგემართება,ამის გარანტია არ არის. აცრილებს დაავადება არ გაგვირთულდება – ეს არის მთავარი.
– რომელ ვაქცინას აქვს უფრო მეტი დამცველობა, ამაზე კვლევები არ ჩატარებულა ლუგარში?
– გარკვეული კვლევა ჩატარდა ვაქცინების ეფექტიანობაზე, ახლა დამუშავების პროცესი მიმდინარეობს და დამუშავდება. იყო თუ არა განსხვავება სხვადასხვა ვაქცინით აცრილებს შორის, რამდენად გვიცავს, რამდენ პროცენტს და რა დროის განმავლობაში დაემართათ ისევ დაავადება – ეს კვლევებია ჩატარებული. ქვეყანას ისევ ვერ ჩავკეტავთ, შეუძლებელია, ისევ ისეთ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, გლობალური მოგზაურობებიდან გამომდინარე, არ არის იმის გარანტია, რომ ისევ არ შემოიჭრება სხვა შტამი და ამიტომ აცრა ყველაზე სწორი გამოსავალია, ყველანი უნდა ვიცრათ, რომ დასრულდეს ეს პანდემია.
– ახლა გრიპის ვირუსის პერიოდია, ამ მხრივ რა ხდება ქვეყანაში ?
– გრიპი, კორონავირუსის მსგავსად, ხანდაზმულებისთვის, ასევე ორსულებისთვის წარმოადგენს რისკს. სამწუხაროდ, ვხედავთ, ამ ვირუსმა რამდენი ორსულის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ მოფრთხილება და გრიპზე აცრაც საჭიროა. მით უმეტეს, კორონას ფონზე ბევრი ადამიანის იმუნიტეტი დასუსტებულია და შეიძლება ეს ვირუსი ადვილად მოგვერიოს. იმ გარკვეულმა შეზღუდვებმა – ნიღბების ტარებამ, დისტანციის დაცვამ, ხშირად ხელების დეზინფექციამ, საბედნიეროდ, დაგვიცვა და გრიპის ვირუსის ცირკულაციაც საქართველოში გამონაკლისი შემთხვევებით იყო.
15 წელია გრიპის ლაბორატორიაში ვმუშაობ და შარშან მხოლოდ გრიპის ერთადერთი ლაბორტორიულად დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. სწორედ ამ რეგულაციებისგამო, იშვიათი იყო ამერიკასა და ევროპაშიც, გრიპი პრაქტიკულად ჩაანაცვლა კორონავირუსმა. ვნახოთ, წელს რა იქნება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსის მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.






















