
„ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად დავიწყე ინდივიდუალური გავლა იმ პროექტების, რომლებიც ქალაქში ხორციელდება და ყველა ხარვეზი რაც გვაქვს, ძალიან სწრაფად აღმოიფხვრება.“ – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
რუსთავის მერის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არის რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია.
„რუსთაველის გამზირზე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – ძველი რუსთავის განახლების პროცესი. რა თქმა უნდა, სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას აქვს გარკვეული დისკომფორტი. პროექტის განხორციელებისას ეს თანმდევი პროცესია, მაგრამ თუ გადაჭარბებით არის გარკვეული პრობლემები, ჩვენ ამ საკითხს რა თქმა უნდა დროული რეაგირებისთვის დავაყენებთ სამუშაოს შემსრულებელ კომპანიებთან.“ – განაცხადა რუსთავის მერმა.
რუსთავის 2022 წელის ბიუჯეტი 31 მილიონითაა გაზრდილი. როგორც ნინო ლაცაბიძე აცხადებს, გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობაც, რაც ახალი თანამშრომლების დამატების საჭიროებასაც ქმნის.
„2022 წლის ბიუჯეტი 81 მილიონია, სწორედ ბიუჯეტის 31 მილიონით გაზრდა, პროექტების მატება გამოიწვევს თანამშრომლების დამატებას. წელს შეიქმნა რამდენიმე ახალი რეკრეაციული სივრცე, დაგეგმილია ახალი პროექტები, ეს რა თქმა უნდა გამწვანების, დასუფთავების თანამშრომლების დამატების საჭიროებას ქმნის.
იხსნება ახალი საბავშვო ბაღი, გვინდა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის აშენება, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რის შემდეგაც, კიდევ უფრო მეტი პოტენციალი იქნება არაფორმალური განათლების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა საჭირო მეტი ადამიანი, რომელიც მოემსახურება ქალაქს.“ – აცხადებს რუსთავის მერი.
NS






















