
მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ბიზნესმენი გურჯაანის მერიას სააპელაციო სასამართლოში უჩივის.
სერგი კაკალაშვილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, 2020 წლის ივნისის თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერიას რკინიგზის სადგურის ყოფილი ამბულატორიის შენობა დაუბრუნა, რომელიც კაკალაშვილმა, 2010 წელს, მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით შეიძინა.
კაკალაშვილი ამბობს, რომ ობიექტი 2010 წელს, გარდაცვლილი შვილის სახელზე შეიძინა და ის პოლიტიკური მოტივით წაართვეს.
“ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ჩემი მეგობარია, გამოხატა მზაობა, რომ ჩემი გარდაცვლილი ვაჟის სახელზე, ერთობლივად გაგვეკეთებინა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ცენტრი, ამ მიზნით განვახორციელე ნახევარი მილიონის სამუშაოები და 50 %-იანი წილი მივყიდე ისრაელის მხარეს, რომ ჩაედო კიდევ ნახევარი მილიონი, როგორც პირობა იყო. 2013 წელს წამოიწყეს დავა, რომელიც თითქმის რვა წელი გაგრძელდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასაჩივრებ, სააპელაციოში”-განაცხადა კაკალშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ზურაბ უტიაშვილი ამბობს, რომ მერის არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტისა და მერიის სასამართლო დავაზე, ინფორმაციას არ ფლობს.
„ამ საქმეზე ინფორმაცია არ მაქვს და გამიჭირდება რამის თქმა. ობიექტის გასხვისებას რაც შეეხება, ან რამე გეგმას, ვერაფერს დავგეგმავთ, როცა საქმე განხილვაშია. ბატონმა სერგიმ ალბათ გაასაჩივრა, ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო”- განაცხადა უტიაშვილმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, კაკალაშვილმა სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა, თუმცა პროცესი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.
სერგი კაკალაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, წლების განმავლობაში მეგობრობდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























