13:18 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ მოქალაქეების ჩამოყვანა მხოლოდ აეროპორტში დახვედრა არ არის – არჩილ თალაკვაძე

სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ მოქალაქეების ჩამოყვანა მხოლოდ აეროპორტში დახვედრა არ არის – არჩილ თალაკვაძე

აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპონენტების პოლიტიკური ქულების დაწერაა.

 

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

 

თალაკვაძის ინფორმაციით, სამშობლოში ამ დროისთვის 5000-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

 

„ცუდია რომ ყოფილი პრეზიდენტი აქამდე ვერ მიხვდა ან არ მიხვდა, რომ პრობლემა თვითმფრინავების და რეისების დაფინანსებზე არ არის.

 

აქ საკითხი დგას საზოგადოებრივი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრინციპებზე.

 

ყველა ქვეყანა იღებს და აბრუნებს თავის მოქალაქეებს ისე, რამდენადაც აქვთ ამის მზადყოფნა.

 

ამას აკეთებს ისე, რომ სხვა მოქალაქეებს საფრთხე არ შეუქმნას.

 

საქართველოს ამ ეტაპზე საზღვარგარეთიდან 5000-მდე თანამოქალაქე ყავს დაბრუნებული.

 

თუ შეადარებთ სხვა ქვეყნის მონაცემებს, მოსახლეობაზე გადათვლით ნახავთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელმაც ქვეყანაში ყველაზე მეტი მოქალაქე დააბრუნა“, – ამბობს თალაკვაძე.

 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოქალაქეების ჩამოყვანა გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

 

თალაკვაძე პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს რომ ქველმოქმედების თანხა სპეციალურად შექმნილ სოლიდარობის ფონდში ჩარიცხონ.

 

„ყოფილ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ მოქალაქის ჩამოყვანა ამ შემთხვევაში კორონავირუსის და პანდემიის შემთხვევაში მხოლოდ ჩამოყვანა და აეროპორტში დახვედრა კი არ არის, აქ არის მთელი რიგი ღონისძიებები დაწყებული თვითმფრინავის ეპიდუსაფრთხოებიდან, დასრულებული ჩამოყვანის შემდეგ ​კარანტინის უზრუნველყოფით, სამედიცინო მომსახურებით და სხვა სერვისებით, რომელიც ყოველდღიურად არის აუცილებელი. ამაში ჩვენ ვხარჯავთ რესურსებს, რომელიც სახელმწიფოს რა თქმა უნდა არ ენანება. თუ ვინმეს უნდა რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს, მაგ ადამიანებს ძალიან მკაფიო პასუხი გავეცით. ვუთხარით, რომ თუ ქველმოქმედების გაკეთება უნდათ, არსებობს საყოველთაო სოლიდარობის ფონდი და შეუძლიათ ეს თანხა იქ ჩარიცხონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: Prime Time

X