
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი შემთხვევა ე.წ. იმპორტირებულია და წყარო ცნობილია.
მისივე თქმით, ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ბათუმში იმყოფება.
„დილის შემდეგ დაემატა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, გახდა 218. ოთხივეს შემთხვევაში წყარო ცნობილია. ეს არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა. აქედან ორი პაციენტი არის ბათუმში, ორი ჩვენთან,“- განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- სულ გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















