
ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარი ჯულიეტა გრიგოლაია 88 წლის გახდა.
იუბილარს დაბადების დღე თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ ტორტითა და სიმღერით მიულოცა.
თავშესაფრის სხვა მოხუცებს კი სუნამოები და ყვავილები აჩუქეს.
ქალბატონი ჯულიეტა 2019 წლის ივლისიდან თავშესაფრის მკვიდრია.
„არ იცოდა აღნიშვნას რომ ვაპირებდით და მოწყენილი იჯდა თავისთვის ეზოში. ძალიან გაუხარდა ჩვენი საჩუქარი. ქალბატონი ჟუჟუნა არის სამეგრელოდან, პროფესიით რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.
ერთი შვილი გარდცვლილი ჰყავს, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და უსახლკაროდ დარჩა. მიმართა სოციალურ სამსახურს და მოითხოვა მოხუცთა თავშესაფარში ჩარიცხვა, მიუვიდა შეთავაზება ხურვალეთში და უარი არ თქვა. სამეგრელოში ჯერჯერობით, არ არის 24-საათიანი მომსახურება, მაგრამ გაგანდობთ საიდუმლოდ, რომ ამ წლის ბოლომდე, აუცილებლად ვგეგმავთ რომ გავხსნათ სოფელ რუხში, აფხაზეთთან ახლოს“, – გვითხრა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარი, „სახლი საზღვრების გარეშე“ 2016 წელს გაიხსნა.
სოციალური საწარმო ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცაა: დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი.
ეს ცენტრი გამყოფი ხაზის სოფლების – ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, შავშვების მოსახლეობისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით გაკეთდა.






















