
102 წლის ირინაი ნარსავიძე „პრაიმტაიმს“ თავისი ცხოვრების შესახებ უყვება:
– 1917 წელს, ნოემბერში დავიბადე, სვანეთში, იფარში ვცხოვრობდი. 7 შვილი მყავდა, 3 ვაჟი გარდამეცვალა, ახლა 3 ქალიშვილი და ერთი ვაჟიშვილი მყავს. ჩემი ოჯახით ჭუბურხინჯში ვცხოვრობდი. პირველი შვილი 1943 წელს დაიბადა, ბოლო, მეშვიდე ქალიშვილი კი 1963 წელს, მე მაშინ 43 წლის ვიყავი, ჩემი უფროსი ბიჭი კი უკვე 20 წლის იყო და ჯარში გახლდათ.
ჩემი გათხოვების ამბავი ასე მოხდა: ქორწილში ვიყავი და პატარძლის ძმას მოვეწონე. როგორც ქართულ სუფრაზე იყო ხოლმე მიღებული, სტუმრებს ვემსახურებოდი. მხრებზე ბეწვი მქონდა მოგდებული და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ის ბეწვი მომაძრო და მერე თქვა, ეს გოგო ჩემი უნდა გახდესო.
მერე ჩაერია ხალხი, როგორც ხდებოდა ხოლმე, მეც მომეწონა და დავქორწინდით. ლაზარე ხორგუანი იყო ჩემი ქმარი.
უფროსი შვილის შვილი, 14 წლის გოგონა გარდაგვეცვალა, სისხლის გათეთრებით, მერე ომი დაიწყო და წამოვედით აფხაზეთიდან. ახლა გარდაბანში ვცხოვრობ, მიტოვებული სამხედრო ნაწილია და იქ ვარ თავშეფარებული. მარტოხელა ვარ, ბევრჯერ მივმართე ლტოლვილთა სამინისტროს… ვთხოვე, მოეცათ ფული, რომ საცხოვრებელი შემესყიდა, მაგრამ დღეს-ხვალეობაში გავიდა დრო. ალბათ ფიქრობენ, რომ მოხუცია და მალე მოკვდებაო, მაგრამ ჯერ არ ვკვდები. დედაჩემი 108 წლის გარდაიცვალა, მე აგერ, 103-ის გავხდები, ჩემი და 100 წლის ხდება, ჩვენი ძმა ჩვენზე ცოტა უმცროსია. ასე რომ, ისეთი გენი მაქვს, არ მოვკვდები ჯერ. ჯანმრთელობაც არ მაქვს ცუდი, ხანდახან წნევა თუ ამიწევს, სხვა არაფერი. ფეხზე დავდივარ, ჩავარდნილი არ ვარ. ცოტა ყურთ დამაკლდა, თორემ მხედველობა არ მაკლია, სათვალესაც კი არ ვიყენებ.
უმწეობის საბუთიც მქონდა, მოვიდნენ, დათვალეს, 34 ქულა მომანიჭეს და მითხრეს, გყოფნის ქულები, რომ შემწეობა დაგინიშნოთ, მონიტორინგი მოგაკითხავსო, მაგრამ ახლა ჩაიკეტა ქვეყანა და აწი რას მომაკითხავენ, სანამ ყველაფერი არ აღდგება. ჩემი რძალი და შვილიშვილები კი არ მომაშიებენ, მაგრამ…
სახლი, ქონება დავტოვე აფხაზეთში და ძალიან ვდარდობ. ახლა კი აქ ისეთ ადგილას ვარ გამოკეტილი, არც წყალი მაქვს, არც გაზი. მენატრება ის ცხოვრება და ადგილები, სადაც ახალგაზრდობა მაქვს გატარებული.
ახლა ჩაკეტილი ვარ, გარეთ ვერ გავდივარ. კი ვიცი, რომ ახლა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, მაგრამ მე არც ადრე გავდიოდი გარეთ, ახლა – მით უმეტეს. ჩემზე პატარები არიან და ისინი არ გადიან და მე როგორ გავალ.
სტუმარიც ვეღარ მოდის. ადრე გულს მაინც ვაყოლებდი ხოლმე სტუმართან ლაპარაკს, ვიხსენებდი ძველ სვანურ ადათ-წესებს, ძველ ამბებს, ახლა ვის ველაპარაკო? ამჟამად ჩემთან უფროსი შვილის ცოლი, ჩემი რძალი ცხოვრობს, 70 წელსაა გადაცილებული თვითონაც და მე მივლის. ჩემ მიერ მოყოლილი ამბები უკვე ბევრჯერ აქვს მოსმენილი და ხელახლა ხომ არ მოვუყვები?
მთავარია, ახალგაზრდები იყავით კარგად და მე რა მიჭირს, მე ცხოვრების გზა გავიარე და თითქმის ბოლოში ვარ უკვე გასული.






















