
პაციენტს, რომელსაც დღეს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა სწრაფი ტესტი 6 აპრილს ჩაუტარდა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კლინიკის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა ეკატერინე სანიკიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ქალბატონი 72 წლისაა, მას შაქრიანი დიაბეტის მრავალწლიანი ისტორია და გულის ქრონიკული უკმარისობა აქვს.
„ბუნებრივია ქალი იყო სარეანიმაციო. გაიარა ტრიაჟი. ვინაიდან არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდა არანაირი შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კოვიდინფექცია, სწრაფი ტესტით იყო ნეგატიური. ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმ ტრიაჟის დარბაზიდან გადავიდოდა ინფექციურში. ბუნებრივია, მოთავსდა ძირითადი დაავადებით და წავიდა კარდიალური და თანმხლები პათოლოგიების მკურნალობა.
მის მეუღლეს დაუდგინდა „კოვიდ 19“ და ეს როგორც კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით გამოიკვლია. კონტაქტი რომ მოიძია, სახლში არ დახვდათ, დახვდათ კლინიკაში გადაყვანილი. ვინაიდან ის დაავადების ცენტრმა გამოიკვლია, როგორც კონტაქტი, გამოიკვლია არა სწრაფი ტესტით, არამედ გამოიკვლია „პისიარ“ მეთოდით ანუ ძირითადი, ოქროს სტანდარტით.
მინდა გითხრათ, რომ ტესტის სპეციფიურობა და სენსისტიურობა, ანუ მგრძნობელობა და ფასეულობა არ არის 100%-იანი სწრაფი ტესტით. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც სწრაფი ტესტით ნეგატიურია, მაგრამ „პისიარით“, ანუ ოქროს სტანდარტით არის დადებითი. სწორედ ეს მოხდა. ჩვენ სწრაფი ტესტით გვქონდა ნეგატიური. დღეს მოვიდა ლუგარიდან პასუხი დადებითი
მის ქმარს ორივე ქვემო კიდური ამპუტირებული აქვს. ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შესაბამისად ეპიდემიოლოგები იკვლევენ, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული““ – აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.
სწრაფი ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ადამიანი შესაძლოა ავად იყოს, თუმცა ტესტმა ეს ვერ დააფიქსიროს.
„შესაძლოა დღეს ავად იყოს, მაგრამ ამ ტესტმა ვერ დაიჭიროს, ეს ახსოვდეს ყველას. დღეს რომ უარყოფითი გექნებათ ამ ტესტით ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დღეს ავად არ ხართ, ტესტი დადებითი გახდება ავად, რომ გახდებით მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე დღეს“, – ამბობს პაატა იმნაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს აქვს დადასტურებული, აქედან 63 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.
დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.
საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.
განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;
მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;
ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.
ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.
კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.






















