
კორონავირუსის გავრცელებამ უამრავი ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა. სამუშაოს მიღმა დარჩენილი ადამიანები, რომლებიც დისტანციურად ვერ მუშაობენ, გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.
უკვე მეორე თვეა, სამსახურისა და ანაზღაურების გარეშეა დარჩენილი 45 წლის ნუკრი გელაშვილი, რომელიც ბოლო ერთი წელი მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
აფხაზეთის ომის ვეტერანი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს. ის „პრაიმტაიმს“ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ესაუბრა.
„სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი, დღიურ გამომუშავებაზე ვიყავი. საშუალოდ დღეში 50 ლარს გამოვიმუშავებდი. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მშენებლობა შეჩერდა, შემოსავლის გარეშე დავრჩი და საზღვარგარეთ წასვლაზე დავიწყე ფიქრი.
როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა და თითქმის ყველა ქვეყანამ საზღვარი ჩაკეტა, რომც არ ჩაეკეტათ და რომელიმე ქვეყანაში წავსულიყავი, თითქმის ყველგან ყველა სამსახური დაკეტილია და სამსახურს იქაც ვერ ვიშოვნიდი.
კიდევ კარგი არ წავედი, თორემ უცხო მიწაზე მშიერ-მწყურვალს, ისევ ჩემს ქვეყანაში ყოფნა მირჩევნია.“- ამბობს ნუკრი.
მეუღლე აფხაზეთიდან დევნილია. უმცროსი შვილი ათი წლისაა, უფროსი – 17-ის.
ამბობს, რომ ბოლო ერთი თვეა განსაკუთრებით გაუჭირდათ, ნუკრის ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო მეუღლის დევნილობის დახმარებაა, რომელიც ბანკიდან წინასწარ, კრედიტის სახით აქვთ გამოტანილი.
„ჩემს მეუღლეს წინასწარ აქვს გამოტანილი რამდენიმე თვის დახმარება. ფაქტობრივად ახლა, შემოსავლის გარეშე ვართ დარჩენილი.
რომ არა ახლობლები ალბათ, მშივრები დავიხოცებოდით. გუშინ ნათესავმა მოგვიტანა პროდუქტები, რამდენიმე დღე გვეყოფა. ახლა ისეთი დროა ვერავის დაავალდებულებ, ყველას თავისი თავი გასჭირვებია.
შრომას არ ვთაკილობ, მაქვს პატარა მიწის ნაკვეთი, რომელიც დავამუშავე, მაგრამ მოსავალს ასე უცებ ხომ ვერ მომცემს. იმედი მაქვს, რომ მალე წამოგვეშველება პროდუქტები.
უფროსი შვილი სპორტსმენია, კარატეში ვარჯიშობს, განსაკუთრებული კვება სჭირდება, მაგრამ მაგას ვინ დაეძებს, მთავარია მშიერი არ იყოს.
გუშინ ახლობელს, რომ არ მოეტანა სურსათი, დღეს მშივრები ვიქნებოდით. რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისული პერიოდი მხოლოდ ღმერთმა იცის.
აი მერე რა უნდა ვქნათ, ეგ არ ვიცით. ძალიან მიხარია, რომ მთავრობამ სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადებისგან გაგვათავისუფლა, მაგრამ მერე რა იქნება?!
მე უფრო მომავალი მაშინებს. ეს ყველაფერი, რომ ასე იოლად არ ჩაივლის მაგასაც ვხდები. საიდან და როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან არ ვიცი.“- ამბობს ნუკრი გელაშვილი.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მთავრობა პირველ რიგში, იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ, ხოლო ბიზნესებიდან პრიორიტეტი მას მიენიჭება, რომელიც კადრებს არ შეამცირებს.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს როგორც ბიზნესსექტორის, ისე – უმუშევრად დარჩენლი მოქალაქეების დახმარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს დღეებში საჯარო გახდება.






















