20:54 | 2020-04-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, რაც ძალიან საგანგაშოა – ამირან გამყრელიძე

პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, რაც ძალიან საგანგაშოა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშოა.

 

გამყრელიძის თქმით, დღეისთვის საქართველოში 12 კლასტერია და ესენი არიან ირანის, იტალიური, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერი და ა.შ

 

“გუშინდელი დღე იყო, როცა ჩვენ პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ, გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი, საგანგაშოა.

 

ამ ხნის განმავლობაში გვქონდა 5, 7, 10, ორჯერ იყო როდესაც დავაფიქსირეთ 18 შემთხვევა, ერთხელ 19 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უკვე 30-ეს უკვე ძალიან ბევრის მანიშნებელია და ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში. ეს არის ე.წ. ირანის, იტალიური, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერი და ა.შ. 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს უკვე.

 

დღეს დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ, შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა, მოგეხსენებათ, არ იცის, ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილი, ვინ ვისი მამაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

 

ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X