
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო დონორებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF), აპრილის ბოლომდე დახმარების სახით, ქვეყნის ბიუჯეტში 200 მილიონი გაჩნდება.
„ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ ერთობლივად, კოორდინირებულად გასწიეს დონორებთან და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF).
ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი, რომელიც 450 მილიონამდეა, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება.
დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის.
ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















