
რამდენიმე წელია მუსიკოსი ლადო ბურდული ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ჯვრის მამის ტაძარში სტიქაროსანია. წელს სააღდგომო ლიტურიგიას არ დაესწრება. საამისო მიზეზი აქვს, რესპირატორული სიმპტომებით წევს. თუმცა ესეც რომ არ იყოს, მიაჩნია, რომ წელს მრევლმა ლიტურგიაზე დასწრებისგან თავი უნდა შეიკავოს.
ლადო ბურდული: – საწოლში ვწევარ, იმედია, მხოლოდ გაციებაა. გალურჯებული არ ვარ, თუმცა ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ვშიშობ ვინმეს არ გადავდო, ამიტომ თავს შევიკავებ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებისაგან.
– ავად რომ არ ყოფილიყავით, დაესწრებოდით ლიტურგიას?
– ესეც ნებაყოფლობით არის. ძალას არავინ მატანს. სტიქაროსანი თავისუფალია, თავისი ნებით ესწრება, ან არ ესწრება მსახურებას. ვცდილობ, ხშირად ვიარო, თუმცა შეძლებისდაგვარად. ჩემი წინამძღვარი ამ მხრივ თავისუფლებას მანიჭებს.
როცა მსოფლიოში პანდემიაა და ასეთი საგანგაშო მდგომარეობაა, ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ტაძარში მისვლისგან და სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებისაგან. პირბადით და დისტანციის დაცვით ტაძარში დგომა, ვერ მაქვს წარმოდგენილი როგორ იქნება. ჩემი აზრით, სახლში უნდა დარჩნენ. ასეთ საგანგებო მდგომარეობაში პირველად აღმოვჩნდით და რასაც მედიცინის მუშაკები ამბობენ, უნდა დავუჯეროთ.
უფალი თვითონ ამბობს, ნუ გამოცდი უფალსო. მართალია, ბიბლია ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებს იმაზე რთული შედეგი მოჰყვება, ვიდრე დღეს ჩვენ გვგონია.
ექიმებს ვუსმენ და ვხვდები, რომ საგანგაშო სიტუაციაა და ამასთან თამაში, ლოგიკური არ იქნება.






















