22:15 | 2020-04-16 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ჩიქოვანი: შეზღუდვებს თუ არ დავიცავთ, უკიდურეს ზომებს მივიღებთ

ჩიქოვანი: შეზღუდვებს თუ არ დავიცავთ, უკიდურეს ზომებს მივიღებთ

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს თუ არ დავიცავთ, მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

 

„დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გავრცელების ეტაპი.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. მთავრობამ დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა „კოვიდ-19“-ის გავრცელება.

 

მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით, ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გუშინ, 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლაც აიკრძალა.

 

სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციის მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ვხედავთ მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია.

 

დღეს კი თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ არ არსებობს უფრო ეფექტური გზა და საშუალება ვებრძოლოთ კორონავირუსს ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა. ამიტომ მთავრობა, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X