
კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა მიმდინარე წლის 12 აპრილის ბერლინი-თბილისი რეისზე ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის პროცესში საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე.
კერძოდ, კომპანიის ვარაუდით მოქალაქემ, რომელიც კომპანიის პირველადი მოკვლევის თანახმად, იმყოფებოდა საქართველოში, სცადა ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა, დიდი ალბათობით, მომხმარებლისთვის დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
„როგორც ცნობილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრულ რეისებზე, რომელიც ემსახურება უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას, დადგენილია სამგზავრო ბილეთის ზღვრული ფასი -199 ევრო და ყოვლად დაუშვებელია მოხდეს მათი სხვა ფასში რეალიზება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით, მან მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი. როგორც კომპანიაში „ჯორჯიან ეარვეის“ განმარტავენ, ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ბილეთის გადაყიდვა შეუძლებელია.
ცნობისთვის, საქართველოს 5540 მოქალაქე საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში ბერლინი-თბილისის რეისით დაბრუნდა.






















