15:13 | 2020-04-20 ავტორი: თამარ გონგაძე

“აუცილებლად ავალ მის საფლავზე და დაველაპარაკები” – ია სუხიტაშვილი რესო ესაძეს ემოციურად იგონებს

“აუცილებლად ავალ მის საფლავზე და დაველაპარაკები” – ია სუხიტაშვილი რესო ესაძეს ემოციურად იგონებს

ვნების კვირის დიდ შაბათს, 86 წლის ასაკში დიდი ქართველი ხელოვანი, რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი – რესო ესაძე გარდაიცვალა. უკანასკნელი დღეები კომაში გაატარა. ასაკმა ხელი დარია.

 

სახალხო ხელოვანს უკანასკნელ გზაზე ხალხი ვერ გააცილებს, დასანანია, რომ ვერც შვილი, რომელიც კარანტინშია და ძალიან წუხს.

 

გასული წლის 18 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე რეზო ესაძის უკანასკნელი ფილმის – “თვე, როგორც ერთი დღე” სატელევიზიო პრემიერა შედგა. ფილმი მაესტრომ 82 წლის ასაკში გადაიღო. 83 წლის რომ გახდა, მისი ნახატების გამოფენა მოეწყო. ასე, ბოლომდე აქტიურად იყო ხელოვნებაში, თავისი სიტყვით, სათქმელით…

 

“პრაიმტაიმთან” რეზო ესაძეს მსახიობი ია სუხიტაშვილი იხსენებს, რომელმაც მის უკანასკნელ ფილმში ორი როლი ითამაშა. ია წუხს, რომ დიდ მაესტროს ბოლო გზაზე ვერ აცილებს.

 

ია სუხიტაშვილი: – ისე გული მწყდება ასეთი რანგის ადამიანები რომ მიდიან. ნეტავ შეიძლებოდეს, ასაკი დააპაუზო და დიდხანს დარჩნენ ჩვენთან… ბოლო რამდენიმე თვეა ისეთი ადამიანები წავიდნენ – გია ყანჩელი, ზაზა ურუშაძე, ზაზა ხალვაში, რომ ერი საშინელ დანაკლისს განვიცდით.

 

თავის ბოლო ფილმში მთავარი როლი რომ შემომთავაზა, არ მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ და ყველა შემოთავაზებისთვის მზად უნდა ვიყო.

 

რეზო ესაძის „ნეილონის ნაძვის ხე“ რეკორდული რაოდენობით მაქვს ნანახი. როდესაც იზრდები და იგებ, ვინ არის მისი რეჟისორი, მის მიმართ პატივისცემა გიჩნდება.

 

დამირეკა და თავის ფილმში ერთბაშად ორი როლი შემომთავაზა… მთავარი პერსონაჟის დედის და ამ გმირის შეყვარებულის. ძალიან ვინერვიულე. მითხრა, შენზე ბევრი კარგი რამ მსმენია და აბა, ერთი მანახე, რა შეგიძლიაო. უცნაური დაძაბვა მქონდა, რაც მანამდე არ მქონია.

 

მოკლედ, როლზე სამუშაოდ ერთი კვირა მომცა – ტექსტი როგორც გინდა ჩაასწორე, “დაამონტაჟე” და მოირგეო. დიდი მონოლოგი იყო, ერთი კვირა ვამუშავებდი და რომ წავუკითხე, ძალიან გაუხარდა. და დავიწყეთ მუშაობა.

 

გადაღებები ძველ სასულიერო აკადემიის შენობაში იყო. ამ შენობის რესტავრაცია მიმდინარეობდა და გადაღების დროს პროცესი ცოტა ხნით გაჩერდა.

 

მხატვრებმა არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნეს. რეჟისორი თითო დეტალზე ბევრს ფიქრონდა, მხატვრებმა კი ზუსტად შეუსრულეს ნაფიქრი. კმაყოფილი იყო.

 

რთული იყო დაწეოდი ბატონი რეზოს აზრებს. რასაც გიყვება, არჩევანის და დასკვნის გაკეთების საშუალებას გიტოვებს. მე დაძაბული ვიყავი, რომ რამე არ გამომპარვოდა.

 

რომ მოვიდოდა, მანქანიდან ნელა გადმოდიოდა, ეხმარებოდნენ. მაგრამ როგორც კი გადასაღებ მოედანზე შემოდგამდა ფეხს, პატარა ბიჭივით ხდებოდა. ზოგჯერ მეგონა, რომ იტყუებოდა და აჭარბებდა, რომ არ შეუძლია. იქ არაფერი ეტყობოდა, რომ ასაკმა ხელი დაატყო. გადასაღებ მოედანზე თავისი ენერგიით წირვას გვიღებდა. მხნედ იყო.

 

იმდენ კარგ რამეებს ყვებოდა, ასეთ დროს ტელეფონი უნდა გქონდეს ამოღებული და იღებდე უნიკალურ კადრებს…

 

მისი შვილების ამ ფილმში ჩართვა სიმბოლურია. მინდია ოპერატორი იყო, მამუკა ერთ პერსონაჟს თამაშობს. არ იყო ადვილი იმ დავალებების შესრულება, რასაც ის მინდიას აძლევდა. მაგრამ ის ნომერ პირველი ოპერატორია საქართველოში. არც რეჟისორს უკარგავდა იდეას, არც მსახიობს ინდივიდუალურობას და თანაც თავის საქმეს აკეთებდა. ეს ცოტას თუ შეუძლია.

 

„მატორის“ წინ ბატონმა რეზომ შეყვირება იცოდა, ჰეი, აბა, ვივაჟკაცოთო. გამამხნევებელი სიტყვებით ისე მოგმართავდა, ფრონტის წინა ხაზზე უიარაღოთ რომ გავარდებოდი.

 

მასთან ერთად მქონდა სცენა. დედის პირით მისი სამშობლოს გარშემო საუბრობს, მის სიკარგეზე, სიდუხჭირეზე. მოუწოდებს ერს, როგორები უნდა იყვნენ. სომბოლოებით გელაპარაკება. ცოტა თეატრალიზებული, ცოტა პათეტიურია, რაც მის ჟანრში ზუსტად ჯდება. ბევრად ღრმა სცენარის ფილმია, ვიდრე მასზე მუშაობის წინ წარმომედგინა.

 

გამოვიდა, რომ ბოლო სიტყვა თქვა ამ ფილმით. რას მიუძღვნა ის?

 

– თავისი ბოლო სიტყვა სამშობლოს და დედას მიუძღვნა. რეპეტიციების დროს რომ ვხვდებოდით, ყვებოდა, თუ რა საოცარი სიყვარული ჰქონდა დედამისის მიმართ. ძალია უყვარდა დედაც და სამშობლოც…

 

თუმცა სხვა პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს რომ ჰკითხოთ, სხვა რამეს გეტყვიან მათი გმირებიდან გამომდინარე. მრავალ წახნაგოვანია რეზო ესაძის ჟანრი და ამით არის უნიკალური. სამშობლოზე, ვაჟკაცობაზე ხომ გელაპარაკება და ამავდროულად გელაპარაკება ქალის სურვილსა და კაცის ტემპერამენტზე. ბირთვულ იარაღზეც კი.

 

ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ასეთ დიდ რეჟისორთან მუშაობ. მისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი.

 

მის ჟანრს ჩვენ ყველამ ერთად “რეზო ესაძის ჟანრი” დავარქვით. არაფერს არ გავს. არასოდეს არაფერში არ აგერევა.

 

მან კინემატოგრაფიაში თავისი თარო შექმნა. რთულია ამას მიაღწიო.

 

ესაძეს მხოლოდ სიურეალისტურ რეჟისორს ვერ უწოდებ, უფრო მეტი რეგალია აქვს.

 

ამ ინტერვიუს მეშვეობით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. გული მწყდება, რომ ვერ გავაცილებთ. როგორც კი ეს ყველაფერი გადაივლის, აუცილებლად ავალ მის საფლავზე და დაველაპარაკები… მართლა ძალიან დამწყდა გული…

 

დიდ რეჟისორს, მსახიობს, სცენარისტსა და მხატვარს ხვალ, 21 აპრილს მახათას პანთეონში დაკრძალავენ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X