13:33 | 2020-04-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ხანდაზმულები, ორსულები, შშმ პირები, მძიმე დაავადების მქონე პირები – დღევანდელი სპეცრეისი რომიდან

ხანდაზმულები, ორსულები, შშმ პირები, მძიმე დაავადების მქონე პირები – დღევანდელი სპეცრეისი რომიდან

დღეს, 21 აპრილს, განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი-თბილისის მიმართულებით.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები.

 

ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

 

მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

 

24 აპრილი – თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

 

27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი;

 

30 აპრილი – თბილისი-მადრიდი-თბილისი;

 

2 მაისი – თბილისი-პრაღა-თბილისი.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისებით საქართველოში მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ ვარშავიდან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და თელ-ავივიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნებულთა საერთო რიცხვი 6900-ს აჭარბებს.

 

ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

 

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X