
კონკრეტული გეგმის არ ქონა, პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის არ მისვლა და უაპასუხოდ დარჩენილი კითხვები… – საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელთაც გამო, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირეს.
მათივე თქმით, ისინი მთავრობას უკვე ვერ ენდობიან, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.

რომან გოცირიძე – გვაინტერესებდა, თუ რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონამდე ადამიანს
„თქვენ საკმარისი ხმა გაქვთ და საგანგებო მდგომარეობა დღეს პარლამენტში ჩვენს გარეშეც დაამტკიცებთ. ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, მას სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა ექნებოდა. თქვენ ეს არ მოინდომეთ.
რატომ წარადგენთ ეკონომიკურ გეგმას პარასკევს და არა დღეს, რაიმე წყდება ამ ორ დღეში? ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონამდე ადამიანს“.

გიგა ბოკერია – „პასუხი არაფერზე არ გვაქვს, ეს ერთი თვე სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები ვნახეთ“
„ცოლ-ქმარს აჯარიმებდნენ ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და რელიგიურ ფანატიკოსებს აძლევდნენ საშუალებას, რომ მაღალი რისკები შეექმნათ საკუთარი თავისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის. როცა გაუგებარი იყო, რატომ ხურავდნენ ერთ ბიზნესს და მეორეს არა.
არაფერზე პასუხი არ გვაქვს, არ გვაქვს ეკონომიკური გეგმა არც გადასახადების დაწევაზე, არც პირდაპირ დახმარებაზე, არც საპენსიოს დაბრუნებაზე, ამ ვითარებაში ჩვენ ამას მხარს ვერ და არ დავუჭერთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოთო კახიძე – ერთი თვის თავზე მთავრობის მიერ კონკრეტული გეგმა წარდგენილი არ არის
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას “ევროპულმა საქართველომ” მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. ლეგიტიმური იყო ეს მოთხოვნა. თუმცა, ჩვენ მაშინაც დავსვით საკითხი, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი ეკონომიკისთვის, ათიათასობით ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კონკრეტული გეგმა წარმოდგენილიყო, რას აპირებდა მთავრობა მათთან მიმართებით.
პარალელურად ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ვერსია ანტიკრიზისული გეგმის. ერთი თვის თავზე კვლავ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გეგმა.

სალომე სამადაშვილი – საზოგადოებას აქვს კითხვები, რომლის დასმის შესაძლებლობაც დღეს პარლამენტში არ არის
„მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ, როგორც დღევანდელი შეხვედრის ფორმატით, ასევე, იმ პროცედურით, რომლითაც განხილვა მიმდინარეობს.
ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვერც ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, რომელთაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას დაუგროვდა, მეტიც, ვადგენთ, რომ დღეს ამ დარბაზში შეკითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს“
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კი, ოპოზიცია პოპულიზმში დაადანაშაულა.
„ხალხს ეუბნებით: მთავრობამ დაგირიგოთ ფული, მთავრობამ გადაგიხადოთ გადასახადები. ძალიან მარტივია ამის თქმა და ყველა მოქალაქეს ძალიან კარგად მოხვდება ყურში, რომ მთავრობამ ფული დაურიგოს და გადასახადები გააუქმოს. ამას ამბობთ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს იმიტომ, რომ იცით, პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.
ამ ხელისუფლებას, რომელმაც ერთდროულად უნდა მართოს პანდემიაც, ამ კრიზისიდანაც უნდა გამოვიდეს, პოსტ-ეპიდემიური სიტუაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს და მთელ რიგ საკითხებზე.
როცა ამ რთულ ვითარებაში რაღაც ულტიმატუმით საუბრობთ და ამბობთ, რომ ეკონომიკური პროგრამა თუ არ იქნება, ხალხი მივუშვათ და პანდემია გავრცელდეს და კიდევ უფრო მძიმე მდგომრეობაში ჩავარდეს ქვეყანა. სწორედ, ეს არის თქვენი დამოკიდებულება“.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. საგანგებო სესიის პლენარული სხდომის შედეგები ასეთია: 97 მომხრე, 10 – წინააღმდეგი.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ოპოზიცია ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.






















