
სახელმწიფო სამთავრობო ხაზზე, 144-ზე გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა ამ ერთ ნომერზე.
შესაბამისად, ზუსტად ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც იყო დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს.
ჩიქოვანი მოსახლეობას განუმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მოსახლეობამ ცხელ ხაზსა და 112-ს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს და არის განსაკუთრებულად მაღალი აქტივობა და ჩვენ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ.
მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას რაიმე შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლისით, რომელიც მათ შეუძლიათ ისარგებლონ.
როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები 144-ზე ვერ იღებენ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისინი მიმართავენ 112-ს.
ჩვენს ქვეყანაში 112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან, ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება.
მინდა ყველას უმორჩილესად გთხოვოთ, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ მხოლოდ და მხოლოდ 144-ს, ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის თავიდანვე ფუნქციონირებდა.
რადგან არ გვინდა უყურადღებოდ დაგვრჩეს არც ერთი შემთხვევა, რომელსაც 112 და პოლიცია ემსახურება“, – განმარტა ჩიქოვანმა.






















