
მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა ახალ კორონავირუსს კარანტინით ებრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ამას ეკონომიკისთვის უდიდესი ზიანი მოაქვს. ზოგიერთი კი ბიზნესს „ხელოვნურ კომაში“ არ აგდებს.
იქაც კი, სადაც მოსახლეობა დამჯერედ შეიხიზნა სახლებში, ხოლო მაღაზიები და ოფისები დაკეტილია, სულ უფრო ხმამაღლა ისმის მომჩივანთა ხმაური – „შეუძლებელია მუდმივად სახლში ჯდომა ვაქცინის მოლოდინში“.
ვინ გადავარჩინოთ ჯერ – ადამიანები, თუ ბიზნესი?
ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, ამერიკელმა მეცნიერებმა ასი წლისწინანდელი ამბები გაიხსენეს, რომელიც ძალიან ჰგავს დღევანდელობას.
დიდი კარანტინი ახალი ამბავი არ არის – მსოფლიომ ეს ზუსტად 100 წლის წინ გადაიტანა, როდესაც პლანეტაზე მომაკვდინებელი გრიპი, სახელად „ისპანკა“ მძვინვარებდა. ამ ვირუსმა 50 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1918 წელსაც, პანდემიაზე პასუხი იყო თვითიზოლაცია, ნიღბები, ქარხნების დახურვა და ა.შ. ადრეც ვიღაცამ კარანტინი უფრო ადრე შემოიღო, ვიღაცამ – უფრო გვიან.
მოგვიანებით დადგინდა: მოიგო იმან, ვინც ადამიანების გადარჩენა დააყენა პრიორიტეტად და არა – ეკონომიკა.
თავიდან ყველა ერთნაირად ცუდად იყო, მაგრამ მოგვიანებით უკეთესად ისინი იყვნენ, ვინც მალევე შემოიღო მკაცრი კარანტინი და შეზღუდა ფიზიკური კონტაქტები.
„ქალაქებში, სადაც მიიღეს დაუყოვნებლივი საკარანტინო ზომები, საქმიანი აქტივობა საგრძნობლად ეცემოდა, მაგრამ პანდემიის დასრულებისას, მათი ეკონომიკა გაიზარდა“, – ჰყვებიან ამერიკის ცენტრალური ბანკისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ეკონომისტები.
„სჯობს მოვკვდე ფეხზე დამდგარი, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილი“
წინა პანდემია მსგავსი სცენარით ვითარდებოდა – აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. პირველი ტალღა, გაზაფხულის, საშინელი იყო. მეორე ტალღა, ზამთრის – კატასტროფული.
აშშ-ის ქალაქებმა, მათ შორის სიეტლმა და ლოს-ანჯელესმა დარტყმა ყველაზე ბოლოს მიიღეს. სხვების გამოცდილების შემყურე, ამერიკულ ქალაქებში მალევე გამოცხადდა მკაცრი კარანტინი, თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინ არ იყო დისტანციური მუშაობის საშუალება.
ისევე როგორც დღეს, მაშინაც დახურეს სკოლები, თეატრები, ეკლესიები და გააუქმეს დაგეგმილი ღონისძიებები.
„ის ვინც ჩქარობდა, პანდემიის შემდეგ, მეორე წელს, არსებით გამარჯვებებს მიაღწია, რაც ეხებოდა წარმოებასა და საბანკო აქტივებს“, – აღნიშნავენ მკვლევარები.
ეკონომისტები ამბობენ, რომ 10-დღიანმა სხვაობამ ორი ქვეყნის კარანტინის ზომებს შორის, პოსტპანდემიურ პერიოდში გავლენა იქონია ინდუსტრიულ სფეროში დასაქმების 5%-იან ზრდაზე.
MIT-ის მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ „ისპანკის“გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებს თავდაჯერებულობას შემატებს – იმათთვის, ვისთვისაც კარანტინი ტრაგედიად გადაიქცა, რომლის დასასრული ჯერ არ ჩანს.
„ადამიანების გადარჩენა, თუ ეკონომიკის – ეს ორი მცნება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. შემზღუდველი ზომების მიღებით, იმისათვის, რომ პანდემია შევაკავოთ, პირიქით, ვაჩქარებთ ეკონომიკურ გააქტიურებას მომავალში“, – აცხადებენ ამერიკის წამყვანი სპეციალისტები საერთო განცხადებაში, რომელშიც შედიან ყოფილი ფინანსთა მინისტრები, სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და მეცნიერები.
სკეპტიკოსებისა და ბიზნესმენების მთავარი დამცველი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, თუმცა მან მალევე გადაიფიქრა და მხარი დაუჭირა კარანტინს.
ამას საფუძვლად დაედო შტატებში დაინფიცირებულთა შემაშფოთებელი ციფრების ზრდა.
ტრამპი აღარ გამოდის კარანტინის წინააღმდეგ, თუმცა თავიანთ მოწოდებებში ჯერჯერობით მყარად დგანან ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. ლუკაშენკომ თქვა, რომ „სჯობს მოვკვდე ფეხზე დამდგარი, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილი“.
„ახალი დიდი დეპრესიის“ მოლოდინში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 31 იანვარს მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იმავე დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე.
სერიოზული ეპიდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დათვლა მარტივი არ არის. გლობალიზაციის ეპოქაში ჯერ არ ყოფილა რესპირატორული ინფექცია, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მოკლე ვადის პერიოდში.
ჯერჯერობით, მსოფლიო ეკონომიკისთვის დანაკარგები დაკავშირებულია არა საკუთრივ ეპიდემიასთან, არამედ მასთან ბრძოლის ზომებთან.
პირველი აშკარა დარტყმა უკვე გამოჩნდა ჩინეთზე. 2020 წლის პირველ სამ თვეში, წინა წელთან შედარებით, ჩინეთის ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. ეს ჩინეთის მშპ-ს ასეთი დაღმასვლის პირველი შემთხვევაა 1992 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთმა დაიწყო კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება.
14 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა წელს 3%-ით შემცირდება. IMF-ის მთავარი ეკონომისტის, გიტა გოპინატი აცხადებს, რომ მომდევნო ორ წელიწადში, გლობალური მშპ-დან დაახლოებით 9 ტრილიონი დოლარი დაიკარგება.
20 აპრილს, ისტორიული „ვარდნის“ მოწმე გახდა მსოფლიო. ამერიკული WTI-ის ნავთობის ფასი ნეგატიური გახდა და მინუს 38 დოლარამდე დაეცა.
ე.წ. შავი ოქროს ფასის ასეთი მკვეთრი დაცემის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის საცავების გადავსება გახდა.
ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ.
მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა და მისმა მოკავშირეებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ნავთობის ფასი უკვე გაიზარდა, თუმცა მისგან გამოწვეული ზარალი, ჯერ კიდევ დასათვლელია.






















