19:21 | 2020-04-22 ავტორი: Prime Time

ყველა ხედავს, რომ პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო – „ქართული ოცნება“

ყველა ხედავს, რომ პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო – „ქართული ოცნება“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც გუშინ, ბერა ივანიშვილის „ტიკ-ტოკ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს ეხება.

 

პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი, რომელშიც ბიძინა და ბერა ივანიშვილები ერთმანეთს სახალისოდ ესალმებოდნენ მოსახლეობის ოპტიმიზმს ემსახურებოდა და ის პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა უარყოფით კონტექსტში მოაქციეს.

 

„ყველა ხედავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს; ყველა ხედავს, რომ ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო;

 

ყველა ხედავს, რომ ჯანდაცვის სექტორმა არნახულად კარგად იმუშავა; ყველა ხედავს, პროფილურმა სამინისტროებმა, ბევრად მდიდარი ქვეყნებისგან განსხვავებით უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო; ყველა ხედავს, რომ ფინანსთა მინისტრმა სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა შედგა ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!

 

და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.

 

ამ ფონზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, შეურაცხყოფა და სახალისო ვიდეორგოლის უხამსობად შერაცხვის მცდელობა, იმ მარაზმის ავტორებისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანაში რუსულ ჯარს შემოუძღვნენ და ჩვენი გმირების ცხედრები ჯერაც არ იყო გაციებული, როცა კონცერტი მოაწყვეს და წაგებული ომი აზეიმეს ქვეყანას;

 

ვინც 26 მაისს, სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმი მოაწყვეს და ამით ხარობდნენ; ვინც საქმეს შედეგის მისაღებად კი არა, ტელევიზორში ათასჯერ გამოსაჩენად აკეთებდა და თანაც ნახევრად და ხშირად უკუღმაც.

 

ამ ხალხს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, პანდემიის გაჩენასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებდნენ, რადგან მისგან განსხვავებით, მათ არ უხარიათ საკუთარი ქვეყნის წარმატება, ისინი ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტიანი ხელისუფლება.

 

ვერ ეგუებიან, რომ ქართველი ხალხიც და მსოფლიოც ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლისადმი, ვინაიდან ასეთ საქართველოში თავის ადგილს და ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსს ვეღარ ხედავენ.“ – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

ავტორი: Prime Time

X