22:23 | 2020-04-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რაც მე „პლაქვენილი“ და „დელაგინი“ გამომიყენებია!.. – ამირან გამყრელიძე სკანდალურ პრეპარატზე

რაც მე „პლაქვენილი“ და „დელაგინი“ გამომიყენებია!.. – ამირან გამყრელიძე სკანდალურ პრეპარატზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრეპარატ „პლაქვენილის“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ამ პრეპარატის გამოყენების საკითხი საჯარო განხილვის თემად არ უნდა იქცეს და მასზე კოლეგებმა პროფესიულ ჭრილში უნდა იმსჯელონ.

 

ახალგაზრდა კოლეგებს უფროსი და გამოცდილი ექიმების პატივისცემისკენ მოუწოდა.

 

გამყრელიძის თქმით წლების წინ ის თავადაც აქტიურად იყენებდა აღნიშნულ პრეპარატს.

 

„როგორც ძველ კლინიცისტს, რაც მე „პლაქვენილი“ და „დელაგინი“ გამომიყენებია 80-90-იან წლებში აუტოიმუნური, რევმატოიდული, თუ ზოგადად იმუნური კომპონენტით მიმდინარე პნევმონიების დროს, ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი.

 

ქართული პროტოკოლი შექმნილია და ეყრდნობა იმ საუკეთესო ინსტიტუციებს, რომელთა გამოცდილებას ვენდობით.

 

ამიტომ, ამ საკითხებზე მსჯელობა ყოველთვის პროფესიულ წრეებშია საჭირო და არა ასე საჯაროდ, რადგან ეს გახლავთ პროფესიული საკითხი.

 

„პლაქვენილი“ 40-50 წელია იყიდება ბაზარზე და ძალიან ბევრი დაავადების დროს გამოსცადეს.

 

ამ ეტაპზე მისმა გამოყენებამ ეფექტი მისცა. ეს საკითხიც განიხილეთ პროფესიულ საზოგადოებაში და ასეთ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ თქვენს კოლეგებს.

 

განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს საქართველოსა და უცხოეთში. ჩვენ ვაფასებთ მათ უცხოეთში მიღებულ განათლებას, მაგრამ კიდევ სხვა რამეა წლები, რაც ექიმობას მოაქვს“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X