
„დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულების რიცხვი იქნება უფრო მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი“,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
იგი განამრტავს, თუ რატომ არის ბოლო კვირის განამვკლობაში ასეთი ცვალებადი რიცხვები ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით.
„ის, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღესდღეობით არის მხოლოდ 10-მდე, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად ახასიათებს და ეს არ ნიშნავს, რომ პიკი არის გადავლილი.
ყველა ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან, იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
სწორედ ეს გახლავთ ის ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით, რომ დღესდღეობით ჩვენ არ გვყავს ორი ათასი და ხუთი ათასი პაციენტი სტაციონარში“,- აღნიშნავს ტიკარაძე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.






















