
7 თვის ორსული ქეთი გულბანი სპეციალური რეისით, მეუღლესთან ერთად, ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ახალგაზრდა წყვილი „პრაიმტაიმს“ საკუთარ ისტორიას უყვება.
„ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ვიყავით. კორონავირუსის გამო, ესპანეთში მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ გარეთ გასვლის საშუალებაც არ გვქონდა.
მე ორსულად ვარ. ყოველდღე ვფიქრობდი, რომ მშობიარობა ესპანეთში მომიწევდა. იქ, სადაც ყველა საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით იყო სავსე, სადაც უმეტესი სპორტული სტადიონები მორგებად გადააკეთეს.
2 თვე თვითიზოლაციაში ვიყავით. საკვების ყიდვაც კი დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. თუ პოლიცია საცხოვრებელი სახლის ეზოში დაგინახავდა, დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდი.
მითუმეტეს თუ ესპანური არ იცი, რთულია გააგებინო რა მიზნით გჭირდება აფთიაქსა თუ მაღაზიაში გასვლა.
დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, შევიტყვეთ, რომ ქალაქ ბარსელონადან სპეცრეისი დაინიშნა.
მაშინვე დავუკავშირდით საკონსულოს, საიდანაც დეტალური ინფორმაცია მივიღეთ, ესპანეთში მოქმედი რეგულაციების, აკრძალვების და რეკომენდაციების შესახებ.
ვიცე-კონსული რამდენიმე კილომეტრის დისტანციაზე ცდილობდა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით, განეცადა ის რასაც ჩვენ განვიცდიდით.
თუმცა, პრობლემა ჯერ კიდევ წინ იყო. როგორ უნდა ჩავსულიყავით ბარსელონაში, საიდანაც 600 კილომეტრი გვაშორებდა. რა უნდა გვეთქვა პოლიციისთვის, როდესაც ქუჩაში გავიდოდით და გადავრჩებოდით თუ არა მათი მხრიდან სოლიდურ ჯარიმას.
ესპანეთში სარკინიგზო მიმოსვლაც კი ძალიან შეზღუდულია. როგორღაც მოვახერხეთ 2 კვირის მანძილზე, მატარებლის ბილეთის შეძენა, საკონსულოს დახმარებით ესპანურ პოლიციას ეცნობა, რომ სამშობლოში დაბრუნების მიზნით, ბარსელონაში უნდა ჩავსულიყავით.
ასეც მოხდა. ბარსელონაში ჩავედით, ფრენამდე 10 დღით ადრე. რადგან სხვა ბილეთები ფიზიკურად არ იყო.
არ ვიცოდით, სად უნდა წავსულიყავით, სად უნდა გვეცხოვრა. მეც ორსულად ვარ და ეს ყველაფერი უფრო ამძაფრებდა ჩვენს სიტუაციას.
ქართველი დიპლომატების დახმარებით, საცხოვრებელიც გამოინახა და ფრენამდე ორი დღით ადრე, სპეციალური რეისის ბილეთებიც შევიძინეთ.
ახლა საქართველოში ვართ, ბათუმის საკარანტინო სივრცეში, სადაც ყველაფერი ძალიან კარგად არის. იმედია არანაირი სიმპტომი არ გამოგვივლინდება.
საამაყოა, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემი შვილიც სამშობლოში დაიბადება.” – უყვება „პრაიმტაიმს“ სამშობლოში დაბურნებული მოქალაქე.
უკვე საქართველოში ვართ. ესპანეთიდან საქართველომდე დიდი და რთული გზა გამოვიარეთ, თუმცა სირთულე კარგი ადამიანების…
Gepostet von QeTa Gulbani am Samstag, 25. April 2020






















