
საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მათ საზღვარზე გარკვეული წესები უნდა დაიცვან.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.






















