
ფიტნეს ინსტრუქტორი სანდრო გოგოხია საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულია, რომელიც „პრაიმტაიმის“ მკითხველს ურჩევს თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ კარანტის პირობებში წონა და რა სახის იმუნიტეტის გასაძლიერებელი ვარჯიშებია რეკომენდირებული.
ნახეთ ინტერვიუ სანდრო გოგოხიასთან:
– სანდრო, თქვენ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ფიტნეს ინსტრუქტორი ხართ, როგორ მიაღწიეთ ამას?
ყოველთვის მიზიდავდა ვარჯიში, მაშინაც კი როცა საქართველოში ჯერ ნორმალური დარბაზი არ არსებობდა, თუმცა საბოლოოდ ამ სფეროს ჩემი თავი მივუძღვენი ინგლისში ცხოვრების დროს, სადაც წავედი მენეჯმენტის სასწვალებლად და მაგისტრის ხარისხის მისაღებად, მართალია ხარისხიც მივიღე და წარმატებითაც დავასრულე სწავლა, მაგრამ ჩემ თავს მხოლოდ ფიტნეს ინდუსტრიაში ვხედავდი.
4 წლის მანძილზე დავდიოდი და შემდეგ უკვე ვმუშაობდი დარბაზში და პრაქტიკას გავდიოდი საუკეთესო ფიტნეს მენტორებთან.
ინგლისშივე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ვარჯიში არ არის საკმარისი სასურველი მიზნის მისაღწევად, ყველაზე დიდი ფილოსოფია კვებაა.
საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა ის ახალი ინფორმაცია, რაც წლების მანძილზე ინგლისში ცხოვრებისას ავითვისე და ამ ცოდნით დავბრუნდი საქართველოში.
დაბრუნებისას სხვადასხვა გზა ვცადე, რომ გამეზიარებინა ქართული საზოგადოებისთვის ის ცოდნა რაც მე მქონდა. თავიდან საკმაოდ გამიჭირდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ ვიყავით მზად კვების ასეთი ინოვაციური მიდგომისადმი.
დიახ, ყველას უკვირდა როცა ვეუბნებოდი, რომ შოკოლადის ზომიერი რაოდენობის მიღებითაც დაიკლებდნენ წონაში.
დღეს ჯანსაღი და სწორი კვება საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა აქაც მგონია, რომ ბევრ ადამიანს ცოტა რადიკალური ხედვა აქვს.
სწორი კვება არ ნიშნავს ყველაფრის აკრძალვას, მთავარია ზომიერება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, გავაგებინო ხალხს, რომ სწორი კვება არ არის მხოლოდ ხილი და ბოსტნეული.
სწორი კვება არის დაბალანსებული კვება, სადაც დიახ, შეიძლება შევიდეს შოკოლადიც.
– როგორც თქვენი instagram პოსტებიდან ჩანს, მიიჩნევთ, რომ ღამე ჭამა არ ასუქებს. როგორ ახნით ამას?
იმისათვის, რომ წონაში დავიკლოთ არსებობს ერთადერთი სწორი გზა, უნდა მოვხვდეთ კალორიულ დეფიციტში, ანუ დავხარჯოთ უფრო მეტი კალორია ვიდრე ვიღებთ.
თუ ჩვენ ვიცით ჩვენი კალორიის დღიური ნორმა, რა მნიშვნელობა აქვს ამ კალორიას დილით მივიღებთ, თუ ღამე? თუ ჩვენს კუთვნილ კალორიას გადავაჭარბებთ და ამას გავაკეთებთ 18:00 საათამდე, მენდეთ, მაინც მოვიმატებთ წონაში.
ღამით არჭამა არის ძველმოდური მიდგომა, რომელიც თანამედროვე სამყაროში აღარ არსებობს.
– რა არის მთავარი იმისთვის, რომ ამ კარანტინის პირობებში ადამიანებმა წონა შეინარჩუნონ?
ყველაზე რთული კვების დაცვა არის გადატვირთული გრაფიკის დროს, როცა საკვები უნდა მივიღოთ გარეთ, სამსახურში, როცა ვერ განვსაზღვრავთ რაოდენობას, არ არის, ან არის მცირე არჩევანი.
დღეს, კარანტინის პირობებში, როდესაც უმეტესობა ჩვენთაგანს უწევს სახლში ყოფნა, სადაც ძალიან მარტივია თავად იყიდო და გაიმზადო საკვები, უფრო მარტივი არ არის წონის კონტროლი?
კარანტინის პირობებში ჩვენ ვიღებთ საკვებს ემოციურ ფონზე, მოწყენილობის გამო.
ემოციური საკვები კი ძირითადად სხვადასხვა სახის ტკბილეულია. გავიხსენოთ, რომ კარანტინი დასრულდება, გამოვალთ გარეთ, ზაფხულია…
– სახლის პირობებში რა სახის ვარჯიშებს ურჩევთ „პრაიმტაიმის“ მკითხველს?
აღმოვაჩინე, რომ ის ადამიანები ვისაც სასტიკად ეზარებოდა ვარჯიში და ცხოვრების მანძილზე არასოდეს ყოფილან დაკავებული ფიზიკური აქტივობით, დღეს დაიწყეს სახლის პირობებში ვარჯიში და ძალიან კმაყოფილები არიან.
ამის მიზეზი კი არის შემდეგი:
არ უწევთ მომზადება, გარეთ გასვლა, დარბაზამდე მისვლა.
სახლის ვარჯიშების ხანგრძლივობა არის მცირე, სწრაფად დაინახეს შედეგი ვურჩევდი აქტიურ კარდიო ვარჯიშებს, ვინაიდან გვაკლია ნებისმიერი სახის აქტივობა/მოძრაობა და თან არ არის საჭირო არანაირი სპორტული აღჭურვილობა.
– ღამით ტკბილეულის ჭამაც დასაშვებია?
აქაც იგივე პასუხი მექნება, თუ ვატევთ იმ კალორიაში რაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში არ აქვს მნიშვნელობა დღე შევჭამთ თუ ღამე. ეს როცა მიზანი წონაში კლება ან წონის შენარჩუნებაა.
თუ ვსაუბრობთ რამდენად ჯანსაღია ტკბილის მიღება ღამე, აქაც ყველაზე მნიშვნელოვანი ზომიერებაა. არსებობს მრავალი მოსაზრება ღამე ჭამასთან და მეტაბოლიზმთან დაკავშირებით, ბევრი კვლევა, ბევრი მეცნიერული დასკვანა, თუმცა ერთპიროვნული პასუხი მაინც არ გვაქვს და ისევ ვუბრუნდებით ზომიერებას.
– კოვიდ ინფექციის დროს როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი? არსებობს სპეციალური ვარჯიში?
ვიტამინები და მინერალები არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმუნიტეტის ასამაღლებელი ნებისმიერი ინფექციის დროს.
მივეძალოთ ხილ-ბოსტნეულს.
რაც შეეხება ვარჯიშს, ასეთი უმოძრაო გრაფიკის დროს, როდესაც სხეული მოდუნებულია აუცილებელია რაიმე სახის ფიზიკური დატვირთვა, ისევ უფრო აქტიურ კარდიო ვარჯიშებს გირჩევდით.
– შესაძლებელია თუ არა, სტრესი არასწორმა კვებამ გამოიწვიოს?
დიახ შესაძლებელია. გვქონია ალბათ ყველას ის „ცუდი“ შეგრძნება, რომელიც გვეუფლება, როდესაც გადავაჭარბებთ საკვების რაოდენობას. ეს ჩვეულებრივი სტრესია გამოწვეული იმით, რომ ორგანიზმი გადაიღალა დიდი რაოდენობის ან არასწორი საკვების გადამუშავებით.
ჩვენი სხეული რჩება უენერგიოთ რაც პირდაპირ მოქმედებს ჩვენს გონებრივ, თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
– კარანტინის პირობებში, როგორ ვიკვებოთ მაქსიმალურად ჯანსაღად? ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მაინც თანხებთანაა დაკავშირებული და როგორ შეიძლება ეს მაქსიმალურად მოვარგოთ კარანტინულ კრიზისს?
აქაც ისევ მცდარი სტერეოტიპი, რომ ჯანსაღი საკვები არის მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, ავოკადო, ჩია, ნუში და ა.შ.
თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევიძინოთ ზემოთ ხსენებული პროდუქტები, უბრალოდ ვეცადოთ ჯანსაღად მოვამზადოთ კერძი სახლში არსებული პროდუქტებისგან და არ ვიხმაროთ გადაჭარბებული რაოდენობით ცხიმი.
ნახეთ: მისი ვარჯიშები სახლის პირობებში

























