
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების დარიგება გრძელდება.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად ნობათები დაარიგეს.
ამ დროისთვის, ნობათი კიდევ 202 ოჯახს ურიგდება. საბურთალოს რაიონში კი, უკვე 1600 ნობათი დარიგდა.
თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანიამ „ანაგი“ (1000 ნობათი) და კომპანიამ „სეზანი“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს.
ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს:
საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.
აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ.
ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.






















