16:58 | 2020-05-01 ავტორი: მარი ჯაფარიძე

100 წლის ქალს, რომელმაც ქმარი საკუთარ ქორწილში გაიცნო, 178 შთამომავალი ჰყავს

100  წლის ქალს, რომელმაც ქმარი საკუთარ ქორწილში გაიცნო, 178 შთამომავალი ჰყავს

ზემო აჭარაში, სოფელ მერისში მცხოვრები ჰასან და ზექიე თურმანიძეები 1941 წლის 20 მაისს დაქორწინდნენ, გარიგებით და საქართველოში ყველაზე უხუცესი წყვილი გახლდათ 2019 წლის 11 ივნისამდე, ვიდრე ჰასანი არ გარდაიცვალა.

 

მათი შვილი, იასონ თურმანიძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მრავალრიცხოვანი ოჯახის შესახებ გვიყვება.

 

 

– 2017 წელს ჩემს მშობლებს გადასცეს ჯილდო, როგორც უხუცეს წყვილს, საქართვლოში.

 

მათ 78 წელი იცხოვრეს ერთად. ისინი ისე დაქორწინდნენ მშობლების მოწადინებით, რომ პირველად ერთმანეთი საკუთარ ქორწილში ნახეს.

 

ამის შემდეგ გააჩინეს 8 შვილი. 7 გოგო და ერთი ვაჟი. მე ბოლოდან მეორე ვარ.

 

მამა კოლმეურნეობის ვენახსა და თამბაქოს პლანტაციაში მუშაობდა და შრომის ვეტერანია. დედაც თამბაქოს მეწარმე იყო.

 

ამბობდა ხოლმე, აკვანში ჩავაწვენდი ბავშვს, დავტოვებდი, მივდიოდი თამბაქოში, ვიმუშავებდი და ჭამის დროს მოვდიოდი შინ, რომ ბავშვი გამომეკვებაო.

 

მე  4 შვილი მყავს და 11 შვილიშვილი. ისე კი დედას 41 შვილიშვილი ჰყავს და კიდევ იმათი შვილები, სულ 178 ადამიანისგან შედგება ჩვენი დიდი ოჯახი.

 

2017 წელს, როცა ჩემს მშობლებს ყველაზე ხანდაზმული წყვილის სიგელი გადასცეს, ყველა დედმამიშვილი დავპატიჟე, თავისი ოჯახებით და 150-კაციანი სუფრა გამოვიდა.

 

კარგია, როცა ოჯახში ამდენი ადამიანია.

 

დედა დაბადებულია 1920 წელს და 11 მარტს 100 წელი შეუსრულდა.

 

მამა შარშან გარდაიცვალა და 100 წლამდე 3 თვე აკლდა. ტკბილი და თბილი ოჯახი ჰქონდათ, ერთმანეთი უყვარდათ და ცხოვრობდნენ შეხმატკბილებით.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X