
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დაინფიცირების ყველაზე მეტი პროცენტი იქაა, სადაც კონტაქტია არა უკვე დადგენილ, არამედ უფრო შესაძლო შემთხვევებთანაა.
ამიტომ, მისი განმარტებით, დამცავი საშუალებებისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება არა მარტო იმ დაწესებულებებშია საჭირო, სადაც კორონავირუსით დადასტურებული ავადმყოფები მკურნალობენ, არამედ იქაც, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება მოხვდეს.
„დილის მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების 72 შემთხვევა გვაქვს, რაც დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს.
ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი, დაახლოებით, საშუალო მაჩვენებელზე ვართ საერთაშორისო მაჩვენებლის მიხედვით.
დაინფიცირების ყველაზე მეტი პროცენტი მოდის იქ, სადაც კონტაქტია ხოლმე არა უკვე დადგენილ, არამედ უფრო შესაძლო შემთხვევებთან.
მაგალითად, სასწრაფოების შემთხვევაში, დაახლოებით 30-მდე სასწრაფოს თანამშრომელია დაინფცირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მოცამენებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 566 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 207 გამოჯანმრთელდა ხოლო, 6 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 540 პაციენტს აკვირდებიან.






















