
„კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც იქნება პროპორციული და ეფექტური არსებული გამოწვევების გათვალისწინებით“, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, შესაძლოა ათეულობით და ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდეს.
„დღეს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ აქვს ვირუსი და დამალავს ამ ფაქტს, არ დაიცავს ელემენტარული წინდახედულობის ნორმებს და სხვას დააინფიცირებს, ან საერთოდ არ დაისჯება, ან პირდაპირ ციხეში უნდა წავიდეს, შესაძლოა ორი ან ხუთი წლითაც კი. ამ ლოგიკით შესაძლოა მივიღოთ მოცემულობა, რომ ათეულობით და ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდეს, ან კანონმა არ იმუშაოს საერთოდ, რაც ცხადია დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ იქნეს შემუშავებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომები ეპიდემიის პრევენციისათვის და რაც მთავარია ეს ზომები იყოს პროპორციული და თანაზომიერი მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს ადეკვატური საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებლად, რომელიც უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.
„გვსურს ხელისუფლებასთან და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც იქნება ერთის მხრივ ეფექტური ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო მეორეს მხრივ არ მოხდება ადამიანების ფუნდამენტური უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ამის საჭიროებაა. ამავე დროს ცხადია, უმნიშვნელოვანესია თავად მოქალაქეთა თვითშეგნება და თანამშრომლობა შესაბამის სამსახურებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ კაცობრიობის ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან გამკლავება“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.






















