
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია.
„ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ წესები და მათ შორის ჩემმა კოლეგებმა, ძალიან სკურპულოზურად უნდა დაიცვან ის წესები, რაც ინფექციის კონტროლთან არის დაკავშირებული.
კერძოდ, იმ დამცავი საშუალებების მოხმარება, ჩაცმა, გახდა, დახურვა მათი და ა.შ. მაგრამ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის.
ნებისმიერ ბრძოლაში, იქნება ეს ნამდვილი ომი იარაღით, თუ კორონავირუსთან ბრძოლა, სამწუხაროდ, ჩვენ, სამედიცინო პერსონალი ვართ მოწყვლადი პოპულაცია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.






















