
უნდა მოგითხროთ ძაღლზე (ჩერი), რომელიც ჩოხატაურის ქუჩებში ადამიანის დაუდევრობის გამო აღმოჩნდა.
ბათუმელი, ცხოველთა უფლებების დამცველი ლევან ჩხაიძე ერთ-ერთი აქტივობისას ჩოხატაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივმა მოხალისეებმა მოუვლელი, სახლიდან გამოგდებული პოინტერის შესახებ უამბეს.
ჩერი იმდენად გამხდარი იყო, რომ სხეულზე ყველა ნეკნი და ძვალი ეტყობოდა…
გამომდინარე იქიდან, რომ მას სჭირდებოდა ვეტერინარის მკურნალობა (მხოლოდ გამოკვებით ძაღლი ვერ გადარჩებოდა), ლევანმა მოხალისეებთან ერთად ძაღლი ბათუმში ჩამოიყვანა.

ცხოველს მკურნალობის კურსი ჩაუტარეს, რის შემდეგაც მზრუნველმა ოჯახმა „იშვილა“.
„ბათუმში ვეტერინარ გიორგი კალანდაძესთან კონსულტაციისა და ანალიზების აღების შემდეგ გადავწყვიტეთ, ძაღლი ბათუმში დაგვეტოვებინა, რადგან მას ათდღიანი მკურნალობა სჭირდებოდა.
გიორგიმ მას მკურნალობის კურსი უსასყიდლოდ ჩაუტარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
მოხალისეების დახმარებით ოთხფეხა მეგობარს მედიკამენტები შევუძინეთ და დროებით შემფარებელიც ვუპოვეთ.

ჩემმა ბათუმელმა მეგობარმა ერიკმა ძაღლის აყვანის სურვილი გამოთქვა.
მითხრა, რომ მისმა შვილებმა ძაღლს სახელიც კი შეურჩიეს – ჩერი.

ჩვენ ის გადავარჩინეთ – შეთანხმებისამებრ ერიკმა „იშვილა”. ბედნიერი ვარ, რომ დღეს საიმედო ხელშია, ჯანმრთელი და უვნებელი“, – გვითხრა ლევან ჩხაიძემ.
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















