
სოციალური ქსელში გავრცელდა ექიმ ლეონიდ როშალიას ვიდეო, რომელიც კორონავირუსისგან თავის დასაცავად, პრევენციის მიზნით, უზმომზე დაქუცმაცებული ნივრის წყალთან ერთად მიღებას (დაუღეჭავად გადაყლაპვა) გვირჩევს. ექიმის რეკომენდაციაში ასევე გაიჟღერა ცხელი წყლის მიღების სასარგებლოობამ. „კორონავირუსს ეშინია მაღალი ტემპერატურის, 45 გრადუსზე ზევით. დღის მანძილზე დალიეთ რამდენიმეჯერ ჩაი ჩ ვიტამინით მდიდარი კენკრით და ცხელი, ან თბილი წყალი“ – ამბობს ლეონიდ როშალია.
ნიორი რომ სასარგებლო ბოსტნეულია, ბევრმა ვიცით. ჩემი ჯანმრთელი ბაბუა, დილაობით 100 გრამ ჭაჭასთან დუეტში იღებდა ნიორს, დეზინფექციას ვიტარებო.
![]()
ნიორი ფართოდ გამოიყენება ვირუსული დაავადებების დროს. ეს განპირობებულია ნივრის კომპონენტით – ალიცინით. ის ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.
ნიორი ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება.
ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ფიტოციდები განსაკუთრებით გაზაფხულზეა აქტიური, ამიტომ ნიორი ამ დროს ბაქტერიებთან ბრძოლაში განსაკუთრებით სასარგებლოა.
თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და კლინიკა „დიაკორის“ ექიმი თერაპევტი, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკა გიუაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ პრევენციის მიზნით და იმუნიტეტის გასაძლიერებლად კარგია ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, თუმცა კორონავირუსთან მიმართებაში რამდენად თავდაცულად ვიგრძნობთ თავს, ეს უცნობია.
ეკა გიუაშვილი: – კორონავირუსი იმით არის საშიში, რომ მისი თვისებები ბოლომდე არ იციან. ნიორში ფიტოციდები კი შედის, მაგრამ კორონავირუსთან მიმართებაში რამდენად საიმედოა და როგორ იცავს ორგანიზმს, ვერ მოგახსენებთ.
– პრევენციის მიზნით შეგვიძლია მივიღოთ?
– პრევენციის მიზნით მისი მიღება კარგია, განსაკუთრებით ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე. იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბოსტნეულია.
– გავრცელდა ვიდეო, სადაც ექიმი ამბობს, რომ უზმოზე დაქუცმაცებული ნიორი წყალთან ერთად უნდა მივიღოთ.
– თუმცა კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კუჭი აწუხებთ და გასტრიტის ნიშნები აქვთ. მე უზმოზე ნივრის მიღებას ვერავის ვურჩევ. დღის მანძილზე შეუძლიათ ორი კბილის შეჭმა, უფრო ჭამის შემდეგ.

– ცხელი წლის მიღება?
– კი, მეც გავიგე, თუმცა არავინ იცის შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს. ეს ვირუსი რომ ვერ შეისწავლეს, იმიტომ არის პრობლემა, თორემ შესწავლილი რომ იყოს, პრევენციის აქტიური საშუალებებიც გვეცოდინებოდა. ზოგი ამბობს, სპირტი უნდა დალიო, ცხვირში იოდი უნდა ამოისვაო. ყველანაირი ანტისეპტიკური საშუალება შეიძლება რაღაც დოზით გამართლებული იყოს. მაგრამ ბოლომდე რომ რაღაც იცავდეს, არა მგონია.

– C ვიტამინის შემცველ პროდუქტს უნდა მივეძალოთ?
– ზოგადად იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება, მათ შორის, C ვიტამინის შემცველი ციტრუსისა და კენკრის მიღება, რა თქმა უნდა, კარგია. ხომ ხედავთ, ეს ვირუსი ყველასთან ერთნაირად არ მიდის. ზოგს საერთოდ კლინიკა არ აქვს, ზოგს ორმხრივი პნევმონიით საშინლად ურთულდება. რაც უფრო ძლიერია იმუნიტეტი, მით მეტად ადვილად ებრძვის ორგანიზმი ვირუსს. მე თუ მკითხავთ, სპორტითა და სუფთა ჰაერითაც საჭიროა იმუნიტეტის გაძლიერება.
– ეთილის სპირტისა თუ ანტიბაქტერიული საშუალებების ხშირი გამოყენება კანს არ აზიანებს?
– როგორც ჩანს სპირტზე მგრძნობიარეა ეს ვირუსი. დიდი დოზით გამოყენება გააღიზიანებს, რა თქმა უნდა.

– რამდენად უსაფრთხოა წყალბადის ზეჟანგის ათი წვეთის წყალში გახსნილი სახით მიღება?
– არავინ იცის, რამდენ ხანში იღუპება ეს ვირუსი, ან ეს ხსნარი რამდენ ხანში ერთხელ უნდა მიიღო? არ ვიცით. წყალბადის ზეჟანგს დალევ და ვირუსი პირის ღრუდან გადადის კუჭში. ეფექტი რამდენ ხანს იქნება შენარჩუნებული, არაა ცნობილი. შესაბამისად, არა მგონია მისი მიღება გამართლებული იყოს.
– ითქვა, რომ კუჭის სიმჟავე ვირუსს კლავსო.
– სარწმუნოა, რომ მჟავე გარემოში ვირუსი იღუპებოდეს, მაგრამ გააჩნია იმასაც, როგორი კონტაქტი გაქვს ვირუსთან.
– ბავშვებზე ნაკლებად ვრცელდება ან იოლად გადააქვთო და საუბარი იყო, რომ თითქოს ამის საიდუმლოება ბავშვის ნერწყვის შემადგენლობაშია. რა შემადგენლობისაა ის და რითი განსხვავდება დიდის ნერწყვის შემადგენლობისგან?
– მე ვფიქრობ, ბავშვებს ნაკლები კონტაქტი აქვთ გარემოსთან და ვირუსთან ნაკლები შემხებლობა. თუმცა ბავშვის გარდაცვალების ერთი შემთხვევაც იყო დაფიქსირებული. მე როგორც ვიცი, დიდისა და ბავშვის ნერწყვის შემადგენლობას შორის განსხვავება არ არის.






















