20:02 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

ბოდბის სიახლოვეს, ქედელის დასახლებას ბოლო მემკვიდრეები ტოვებენ (?!)

ბოდბის სიახლოვეს, ქედელის დასახლებას ბოლო მემკვიდრეები ტოვებენ (?!)

სიღნაღში მცხოვრები თამაზ გორელიშვილი, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს, ქედელის დასახლებაში, მამა- პაპეული ნაკვეთისა და ხეხილის ბაღის მითვისება-განადგურებაში ადანაშაულებს.

 

გორელიშვილი ამბობს, რომ ქედელში მის მამა-პაპეულ ნაკვეთში, კაკლისა და მუხის ასწლოვანი ხეები იჩეხება, ხოლო სახლზე, რომელშიც ბოლოს, დედამისი ცხოვრობდა, საკუთრების უფლებას ვერ არეგისტრირებს.

 

ბოდბის დედათა მონასტერში კი, განმარტავენ, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ქედელის დასახლებაა, 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შიდა აუქციონზე შეიძინეს.

 

მონასტერში, თამაზ გორელიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოდ თვლიან და მასთან სამართლებრივი დავისათვის მზად არიან.

 

ძველი დავა ახალი განვითარებით

 

ქონებრივი დავა, ქედელის მოსახლეობასა და წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს შორის, რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მონასტრის მხრიდან, ადგილობრივების შევიწროებაზე, ქედელები დიდი ხანია საუბრობენ.

 

თამაზ გორელიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ქედელში, მამა-პაპეულ ადგილს მიაკითხა, რომელიც ცარიელი დახვდა.

 

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები როგორც კი მოიხსნა, ადგილში ჩავედი და რას ვხედავ, შესეულან და პაპაჩემის ხელით დარგულ ასწლოვან კაკლებს, ჩემი ხელით გაზრდილ ვაშლის ხეებს ანადგურებენ, ჩეხავენ მუხებს, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი.

 

ამ ხნის კაცი ვარ, კინაღამ ხმამაღლა ვიტირე. სიღნაღში ვცხოვრობ, მაგრამ ამ ადგილთან კონტაქტი დღემდე არ გამიწყვეტია. ხეხილის გარდა, აქ ყოველწლიურად, ბოსტნეულიც მომყავდა, რომლითაც თავს ვირჩენთ.

 

ჩემს გამოჩენაზე, პოლიცია გამოიძახეს და ფაქტიურად გამომაძევეს ადგილიდან, სადაც სამი თაობა გორელიშვილები ვცხოვრობდით. ქვითრებიც მაქვს ხელზე, რომ წლების განმავლობაში, გადასახადებსაც ვიხდიდი,“ – ჰყვება ” პრაიმტაითან” გორელიშვილი.

 

უარი საკუთრებაზე?!

 

თამაზ გორელიშვილმა საკუთრების უფლება, ერთ მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრის სიღნაღის სააგენტოს მეშვეობით, 2012 წლის სექტემბერში დაირეგისტრირა.

 

გარდა ამისა, საააგენტომ საკუთრების უფლება, მას იმ ნაკვეთზეც დაურეგისტრირა, სადაც საცხოვრებელი სახლიც დგას.

 

რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ გორელიშვილი, ორივე ნაკვეთს, 2018 წლამდე ფლობდა.

 

„2018 წელს, საჯარო რეესტრში საკუთარი განცხადებები აღმოვაჩინე, რომლითაც თითქოს ჩემს ნაკვეთებზე რეგისტრაციის გაუქმებას ვითხოვ. ეს ხომ წარმოუდგენელია. სრულიად საღ გონებაზე ვარ, საკუთრებაზე უარს რატომ ვიტყოდი.

 

მესამე განცხადებაზე, კი, რეესტრმა მიპასუხა, რომ ჩემს მიერ მოთხოვნილი ნაკვეთი, ანუ ჩემი მამა-პაპეული ეზო და სახლი, ბოდბის მონასტრის ნაკვეთს ემთხვეოდა. გამოდის, ჩემსავე სახლსა და ეზოს, საკუთრებაში არ მაძლევენ,“ – ამბობს გორელიშვილი.

 

საჯარო რეესტრის სააგენტოს გორელიშვილმა სათანადო დოკუმენტაცია და დაზუსტებული სიტუაციური ნახაზი, ბოლოს, 2018 წლის 14 დეკმბერს წარუდგინა.

 

თუმცა, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიიღო.

 

კომისიამ განმარტა, რომ გორელიშვილმა უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობა ვერ დაადასტურა.

 

მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის, გია ჯანიაშვილის განმარტებით, ნებისმიერმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი მოთხოვნა, კანონით დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

 

„ამ ამბის დეტალებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ჩვენ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ვითარებას ადგილზე ვეცნობით და ვარკვევთ, იკვეთება თუ არა, იმ პირის კვალი, ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე.

 

ალბათ, ასეთი დადასტურება და კანონთან შესაბამისობა არ დადგინდა“,- განაცხადა ჯანიაშვილმა.

 

მონაზვნის არგუმენტები

 

2018 წელს, საჯარო რეესტრის სააგენტოს, ბოდბის მონასტრის წარმომადგენელმა, ნანა მახარობლიძემ (დედა სალომე) მიმართა. ეკლესიის წარმომადგენლის განცხადება 23 აპრილით თარიღდება.

 

ნანა მახარობლიძე, ქედელის დასახლებაში 77 ჰა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა. მან რეესტრში, მიწების მონასტრისათვის შეწირვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინა.

 

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2007 წელს, სახელმწიფოს მიერ, შიდა აუქციონზე გამოტანილი 59 ჰექტარი მიწა, მოქალაქემ 13. 660 ლარად შეიძინა და შემდეგ, სანოტარო წესით, ეკლესიას გადასცა.

 

რეესტრის მიერ, მახარობლიძის განცხადება, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, დაკმაყოფილებულია.

 

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წარმომადგენელი დედა სალომე (ნანა მახარობლიძე) ადასტურებს, რომ მიწები 2007 წელს აუქციონზე გაიყიდა და ამ ფართობებით ეკლესია დაინტერესებული იყო.

 

„2007 წელს, სახელმწიფომ აუქციონზე გამოიტანა მისი კუთვნილი მიწები მთელ საქართველოში. ეს იყო შიდა აუქციონი. ჩვენ დაინტერსებული ვიყავით, ეს მიწები შეგვესყიდა.

 

ვიყიდეთ, გავიფორმეთ, თუმცა, დღემდე არ გამოგვიყენებია.

 

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაკი მთელს მსოფლიოში დღის წესრიგში სასურსათო პრობლემა დადგა, გადავწყვიტეთ, მიწა დავამუშავოთ, რამე დავთესოთ, ან მრავალწლიანი ნარგავები დავრგათ.

 

ეს იყო ყამირი მიწა, შევიყვანეთ ტრაქტორი და ხე-ბუჩქნარისგან ვასუფთავებთ.

 

ამ ადგილებს ადგილობრივები დიდი ხნის წინ ნამდვილად ფლობდნენ, არის გარკვეული კვალი, მაგრამ ქედელიდან ხალხი წავიდა და მიწები სხვაგან მიიღეს,“- განაცხადა “პრაიმტაიმთან” დედა სალომემ.

 

ეკლესიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბოდბის მონასტრისათვის მიწის ფართობის დარეგისტრირება ისე განხორციელდა, მიწის სხვა მესაკუთრის არსებობის შესახებ, მათთვის არ უცნობებიათ.

 

ამასთან, დედა სალომე ირწმუნება, რომ ორი წლის წინ, მან რეესტრს არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის, არამედ განახლებისათვის მიმართა.

 

თუმცა,

 

2018 წლამდე, უძრავი ქონების რეესტრში, მითითებულ მიწის ნაკვეთზე, ბოდბის მონასტრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ჩანაწერი არ იძებნება.

 

პრეზიდენტის მ.შ.-ის ბრძანებულება

 

„პრაიმტაიმმა” გაარკვია, რომ დედათა მონასტერს, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის ბრძანებულებით, ეკლესიის მიმდებარე, 60 ჰექტარი ფართობი, მიჩინების წესით ჰქონდა გადაცემული.

 

თუმცა, ბრძანებულებაში მხოლოდ ტყის ფართობზე იყო საუბარი და არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.

 

„ჩვენთვის არ უცნობებიათ, რომ მიწას სხვა მესაკუთრეც ჰყავს. ამ დროისათვის უკვე არსებობს ელექტრონული ვერსიით რეგისტრაცია და მილიმეტრიც რომ გადაცდეს, ეს მაშინვე აისახება.

 

ჩემი ინფორმაციით, თავადვე აქვს ნათქვამი უარი და სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი მეც მაინტერესებს.

 

მინდა, უთანხმოება სამართლებრივად გადავწყვიტოთ და არა იმის მიხედვით, ვინც ბევრს იყვირებს,“- განმარტა მონასტრის წარმომადგენელმა.

 

რას ერჩოდნენ ასწლოვან ხეებს?!

 

“პრაიმტაიმი” სადაო ტერიტორიაზე, ასწლოვანი ხეების გაჩეხვის საკითხითაც დაინტერესდა.

 

გარემოს დაცვის ინსპექციაში განაცხადეს, რომ ნებართვა, ხეების მოჭრის შესახებ, მესაკუთრეს მხოლოდ მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში სჭირდება.

 

„თუ მესაკუთრე ხეს ჭრის საკუთარ ფართში და მისი ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს, დაამზადოს ის მასალად ან გადაიტანოს გადამამუშავებელ საამქროში, სპეციალური ნებართვა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მას მხოლოდ ამ შემთხვევაში სჭირდება,“- განმარტეს უწყებაში.

 

თამაზ გორელიშვილი, ეკლესიასთან ქონებრივი დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.

 

ქედელის დასახლებასა და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მრავალწლიან დავაში საბოლოო სიტყვას მართლმსაჯულება იტყვის.

 

ავტორი:ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X