16:36 | 2020-05-08 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

იცოდით, რომ ნინო კალანდაძის მამა ფიდელ კასტროს მკურნალი ექიმი იყო? – უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის ცხოვრებიდან

იცოდით, რომ ნინო კალანდაძის მამა ფიდელ კასტროს მკურნალი ექიმი იყო? – უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის ცხოვრებიდან

ახალგაზრდა დიპლომატს ნინო კალანდაძეს საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი ოჯახის შესახებ.

 

მას პირად თემებზე პრესასთან საუბარი არ უყვარს.

 

ცოტა ხნის წინ, კალანდაძემ სოციალურ ქსელში მამის, ზურაბ კალანდაძის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ფტიზიატრ-პულმონოლოგი გახლდათ.

 

„პრაიმ-ტაიმმა“ მასთან ოჯახის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

 

– სოციალურ ქსელში გუშინ დადეთ მამის ფოტო, გვიამბეთ მის შესახებ, რას საქმიანობდა მამა?

 

– მამა, ზურაბ კალანდაძე, ფტიზიატრ-პულმონოლოგი იყო, რომელსაც პროფესიული ენციკლოპედია მოიხსენიებს როგორც რუსეთის ფედერაციის მთავარ ფტიზიატრს და თორაკო-ქირურგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებულ მოღვაწეს, სამედიცინო – ბიოლოგიური აკადემიის წევრსა და აკადემიკოსს. საბჭოთა წლებში, იგი რესპუბლიკის ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი საკავშირო ინსტიტუტის ქირურგიის კლინიკას ხელმძღვანელობდა.

 

საქართველოში დაბრუნებისთანავე იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის ფტიზიატრიისა და გულმკერდის ქირურგიის კათედრის პროფესორი და ამავე კათედრის გამგე შეიქმნა.

 

მამა სამედიცინო წრეებში იმით იყო ცნობილი, რომ მან პირველმა დანერგა ფილტვების ერთმომენტიანი ორმხრივი რეზექცია ტუბერკულოზის დროს – ურთულესი ოპერაცია, რომელიც, ჯერ კიდევ მაშინ, მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა.

 

 

მან დანერგა და არის ე.წ. განცალკევებული ბრონქოსპირომეტრიის ორიგინალური მეთოდიკის ავტორი.

 

ამავდროულად იგი ითვლება არაერთი თორაკო-ქირურგიული ინსტრუმენტის გამომგონებელად, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ე.წ. „ზვიგენი“. იგი არის საქართველოს ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი და გარდაცვალებამდე იყო მისი პრეზიდენტი.

 

მას განხორციელებული აქვს 11 ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია. ხოლო მისი საქმიანობის ბოლო 20 წლის მანძილზე პაციენტი არ დაღუპვია. ამაყი ვარ, რომ ათასობით ადამიანისთვის სიცოცხლე აქვს შენარჩუნებული და დღემდე ხშირად მხვდებიან მათი მადლიერი შთამომავლები. მამა ასობით ადამიანის მკურნალი ექიმი იყო, მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანების, როგორიცაა ფიდელ კასტრო.

 

სხვათაშორის ამბობენ, კუბაზე მედიცინა სხვა სფეროებთან შედარებით მეტად განვითარებული სწორედ იმიტომ იყო, რომ მას მისი მეთაურის პირადი დაინტერესებით სხვადასხვა დარგის საუკეთესო ექიმები სტუმრობდნენ ხშირადო.

 

სევდიანი სიამაყე მიპყრობდა, როცა სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ზურაბ კალანდაძის გარდაცვალებით, 2002 წელს, საქართველოში თორაკო-ქირურგიაც გარდაიცვალაო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ კვლავ გვყავს ახალი თაობის ბრწყინვალე მედიკოსები და ქირურგები.

 

– როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან და რა გახსოვთ ყველაზე შთამბეჭდავად?

 

– მე როცა გავჩნდი, მამა უკვე 53 წლის იყო, ამიტომ ის ნაბოლარას მეძახდა და ამით ალბათ ყველაფერი ნათქვამია. არ მახსოვს მისგან წყენა, გაბრაზება. მხოლოდ სითბო და სიყვარული. ძილის წინ რიტუალივით მეუბნებოდა ხოლმე, ტი მოი ბოჟიი დარ-ო. მე რუსული მაშინ კარგად არ მესმოდა, მაგრამ ვიცოდი რომ რაღაც კარგი იყო და თანხმობით უნდა მეპასუხა.

 

აღზრდის მკაცრი მეთოდები, ოჯახში, დედას პრეროგატივა იყო, რომელიც ძალიან მომთხოვნი იყო: ყველა საგანს იბარებდა, ნიშნებს მიკონტროლებდა, პატარა გადაცდომას არ მპატიობდა, როცა სწავლას ეხებოდა საქმე. ზოგადად, გამიმართლა, რომ ერთმანეთს უზომოდ მოსიყვარულე წყვილის ოჯახში გავიზარდე, სადაც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა დიდ როლს თამაშობდა.

 

მამა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო, კარგად მღეროდა, უკრავდა. იცოდა, როცა ავად ვიყავი, იგი ფორტეპიანოს უნდა მიჯდომოდა და ჩემთვის უნდა დაეკრა, ან გიტარის თანხლებით ოჯახურად გვემღერა.

 

მისი ასაკისა და სწორედ ასეთი ახლო ურთიერთობის გამო, მამამ განსაკუთრებით განიცადა, როცა სასწავლებლად გერმანიაში წავედი. თუმცა 90-იანები, როგორც ყველა წესიერი ადამიანისთვის, ჩვენთვისაც ისეთი დიდი გაჭირვების პერიოდი იყო, რომ ჩემმა მშობლებმაც იცოდნენ, ჩემი განათლებისთვის ასე სჯობდა. მამა ამბობდა, სჯობს გაგიშვა, ვიდრე რომ გაიზრდები მისაყვედურო, რომ ეგოისტურად მოვიქეცი და ასეთ შანსზე ჩემს გამო თქვი უარიო.

 

 

წავედი და ალბათ ერთი წელი მაინც ყურმილში მისი ხმის გაგონებისთანავე ცრემლები მადგებოდა. ვიცოდი, მძიმე იყო ჩემი მშობლებისთვის ჩემი სახლიდან შორს ყოფნა, განსაკუთრებით იმ უიმედობის საზარელ წლებში. თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი მათ თანადგომას, მიუხედავად იმისა, რომ მატერიულად ვერ მეხმარებოდნენ, რასაც ძალიან განიცდიდა.

 

მისგან ბევრი რამ დამამახსოვრდა და ცხოვრების წესად დამენერგა. თუმცა მთავარი, ალბათ, კონკრეტული რჩევებია, რომლებიც მთელი ცხოვრება თან გამყვა. სულით ხორცამდე ექიმს, ძალიან უყვარდა ადამიანები. მეუბნებოდა, არასოდეს გაარჩიო ერთმანეთისგან ადამიანები მათი რანგის და სოციალური სტატუსის მიხედვითო.

 

სძულდა „უფროსობა“ – თვისება, რის გამოც, ალბათ, ასე აფასებდნენ კოლეგები და დღემდე უყვართ იგი. ზედმიწევნით წესიერი ადამიანი იყო, რომლისთვისაც პატიოსნება თავისთავად ღირებულებას წარმოადგენდა. სულ მასწავლიდა და კარგადაც ჩამიბეჭდა: არავისი არაფერი შეგშურდეს და ყველა სიმდიდრეს მშვიდი ძილი გერჩიოსო.

 

ალბათ ერთგვარი ქვეცნობიერი საფუძველი, რის გამოც ყველა სახის კორუფცია ბიოლოგიურად მიუღებელი გახდა ჩემთვის.

 

მას სურდა მეც ოჯახის ტრადიციას გავყოლოდი და ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ მე არ მოვინდომე ექიმობა. ვთვლიდი, რომ მარტივი არჩევანი იყო მშობლების გაკვალულში სიარული. თანაც, ალბათ, სადღაც გულის სიღრმეში, მეშინოდა, რომ მათნაირი ვერ ვიქნებოდი და მათ ჩრდილში მომიწევდა ყოფნა.

 

ჰოდა, როცა საჯარო სამართლით და შესაბამისად პოლიტიკით დაინტერესება შემატყო, მისი ერთობ ნიშანდობლივი შეფასება გამიზიარა. შვილო, მე არ ვიცი იმ ქვეყანაში როგორაა, სადაც შენ ისწავლეო (გერმანიას გულისხმობდა), მაგრამ ამ ქვეყანაში, პოლიტიკაში ისინი მიდიან, ვინც თავის პროფესიაში ვერ შედგაო.

 

მე ახალგაზრდულად მიამიტი ვიყავი და ვთვლიდი, რომ ეს საბჭოთა კლიშეა და რომ სწორედ ახალი თაობის პოლიტიკამ უნდა დაამსხვრიოს სტერეოტიპი, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“. მაშინ როცა დღესაც ამ რწმენით ვარ, რომ პოლიტიკა სულაც არაა აუცილებელი იყოს ბინძური, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს როცა ვუყურებ, ვრწმუნედები იმაში, რომ პოლიტიკა დღეს პოლიტიკოსებისთვის სამსახური უფროა, ერთგვარი თავშესაფარი, უპირველესად „თავის სარჩენად“ და არა პოლიტიკის საკეთებლად.

 

ცხადია, შეიცვლება ესეც, როცა საზოგადოება ამას უფრო მკაცრად მოვითხოვთ. დღეს, როცა პოლიტიკური კლასისთვის ერთგვარად სალუსტრაციო პერიოდია, ქართულ პოლიტიკაზე დაკვირვება ჯერჯერობით მაიძულებს მამას სიტყვებს დავეთანხმო. ესაა მიზეზი, რის გამოც მე დღეს პარტიულ პოლიტიკას შეგნებულად ჩამოვშორდი.

 

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X