19:45 | 2020-05-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ანა დოლძემ მარკ ცუკერბერგს მადლობის წერილი გაუგზავნა

ანა დოლძემ მარკ ცუკერბერგს მადლობის წერილი გაუგზავნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი ექაუნთების და ტროლების დაბლოკვის გამო მადლობის წერილი გაუგზავნა.

 

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბ-ნო მარკ ცუკერბერგ, თქვენ და facebook-ის გუნდს, რომელმაც უკვე მეორედ გამოააშკარავა და გაანეიტრალა საქართველოს facebook-ის სივრცე ყალბი ექაუნთებისგან და ტროლებისგან.

 

მე და ჩემნაირი ბევრი ადამიანი, თქვენი ქსელის მეშვეობით ვცდილობთ, ობიექტური, ღირებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციების გაზიარებას მკითხველისთვის, ჩვენი საქმიანობის და მიზნების სწორი და პატიოსანი მეთოდებით მიწოდებას, მაგრამ ამის პარალელურად, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა ასობით ტროლთან, რომლებიც ბინძური მეთოდებით, შავი პიარით უპირისპირდებიან ყველა განსხვავებულ აზრს.

 

მე პირადად, დიდი ხანია ღიად ვსაუბრობ ტროლებზე, რომელთა ზურგს უკან ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დგას დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსით.

 

დღეს თქვენს მიერ ჩატარებულმა წმენდამ ეს ფაქტი ყველასთვის უკრიტიკო მტკიცებულებად აქცია.

 

როგორც ჩანს, ბ-ნო მარკ ცუკენბერგ, თქვენც ისივე როგორც მე, ცივილიზებულ ღირსებაზე დაყრდნობილი, საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკუსიის მომხრე ხართ, რაც თქვენს სოციალურ ქსელს კიდევ უფრო მეტ ღირსებას მატებს.

 

კიდევ ერთხელ მადლობა იმ ხალხისგან, რომლებსაც ჭეშმარიტად აინტერესებს საქართველოს უკეთესი მომავალი და ამ მომავლის კეთება სუფთა ხელებით,“ – წერს ანა დოლიძე მარკ ცუკერბერგისადმი გაგზავნილ წერილში.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X