
გასულ კვირას, მუხიანში 15-ე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. მიზეზად ორი განსხვავებული ვერსია სახელდება.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი მუხიანში, ერთ-ერთ კორპუსში სამუშაოს ასრულებდა, მას ინტერნეტის ხაზი გაჰყავდა და უბედური შემთხვევის შედეგად, აივნიდან გადმოვარდა.
გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ოჯახი უბედურ შემთხვევაზე საუბრობს.
„თითქოს ინტერნეტის გასაყვანად დაურეკეს და იქ წავიდა, მაგრამ კომპანია საკარანტინო რეჟიმს ითვალისწინებს და დროებით მუშაობა შეწყვეტილია, ამიტომ ეს ვერსია გამორიცხულია.
გარდა ამისა, ვიცი, რომ შემთხვევის ადგილზე და გარდაცვლილის მანქანაში ოჯახის წევრები წერილს ეძებდნენ…
თუ შემთხვევით გადმოვარდა, წერილს როგორ დატოვებდა? ბევრი უპასუხო კითხვაა.
როგორც ვიცით, მისი მობილური ტელეფონიც დაკარგულია. იმედია, გამოძიება ამ ბურუსით მოცულ საზარელ ისტორიას ნათელს მოფენს.
არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, წესიერი და პატიოსანი. ყველას ძალიან გვატკინა გული…“- ამბობს ახლობელი.
განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ ადგილობრივები.
როგორც „პრაიმტაიმს“ უყვებიან, 38 წლის ა.მ. თვითმკვლელობის მიზნით, კორპუსის მე-15 სართულის აივნიდან გადმოხტა.
„საშინელი ბრახუნის ხმა იყო, თითქოს ბომბი აფეთქდა. კორპუსის ყველა მაცხოვრებელი ფანჯრებს მივცვივდით.
ახალგაზრდა მამაკაცი უგონოდ იწვა მიწაზე. როგორც ჩვენმა მეზობელმა თქვა, ის სიგარეტის მოსაწევად აივანზე იყო გასული და დაინახა, როგორ ვარდებოდა ძირს.
მეორე მეზობელმა თქვა, ეს ბიჭი ადრეც დავინახეთ, მაშინაც თვითმკვლელობას აპირებდა, მაგრამ ხმაური რომ ავტეხეთ უკან შებრუნდაო.
– ახლობლები ამბობენ, რომ ის იმ კონკრეტულ ბინაში ინტერნეტის გასაყვანად იყო…
– სიცრუეა. იმ კორპუსში ყველას აქვს ინტერნეტი და არავის ჰქონია პრობლემა.
– სამართალდამცველებმა გარდაცვლილის პირადი ნივთები ადგილიდან ამოიღეს?
– მობილურ ტელეფონს ეძებდნენ, მაგრამ სადღაც გამქრალიაო, პოლიციელები ამბობდნენ. ადგილზე არანაირი ინტერნეტის გასაყვანი საჭირო ატრიბუტიკა არ ყოფილა, არც ხელსაწყოები და არც სხვა რამ.
– იცნობთ იმ ოჯახს, რომელსაც ის ბინა ეკუთვნის, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. რა აკავშირებდა გარდაცვლილს ამ ოჯახთან?
– არ ვიცი, ნამდვილად. მათ კავშირზე არავინ საუბრობს. ადრე არ მინახავს გარდაცვლილი, მაგრამ სხვა მეზობლებს დაუნახავთ, როგორც გითხარით.
„პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.






















