10:16 | 2020-05-11 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საგარეო უწყება – ბოლო მონაცემებით, სამშობლოში 10 560 მოქალაქე დაბრუნდა

საგარეო უწყება – ბოლო მონაცემებით, სამშობლოში 10 560 მოქალაქე დაბრუნდა

2020 წლის 11 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება 19 879 მოქალაქეს აღმოუჩინეს, ხოლო სამშობლოში 10 560 მოქალაქე დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

 

„როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე.

 

აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 12 მაისი – ლონდონი-თბილისი; 15 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X