
ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა, რომელიც პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩა და მერიის წინ კარვის გაშლას აპირებდა სანიტრად მუშაობს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ის ნინო კუზანოვამ დაასაქმა, რისთვისაც მადლობას უხდის.
„ორთვიანი ხელშეკრულება გავაფორმე. კლინიკის დირექტორი დომინიკ მანგოს დაუკავშირდა და უთხრა, რომ სანიტრის ვაკანსია ჰქონდათ. მან კი მე მითხრა.
მინდა, რომ ჩემს გარშემო არსებული სტერეოტიპი დავამსხვრიო. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ მაქვს.
ჩვეულებრივ დავდივარ, ყველამ იცის, რომ მე ტრანსგენდერი ქალი ვარ. რაიმეს დამალვა არ მიწევს.
პირველი შემთხვევაა, ეს რომ ვიღაცამ კეთილი ნება გამოიჩინა და ტრანსგენდერი ქალი დაასაქმა. იმედია სხვებიც მიბაძავენ.
პირველ დღეს, რომ გამოვედი რაღაცნაირად ვიყავი. ყველა მეკითხებოდა როგორი თანამშრომლები გყავსო. ძალიან კარგები არიან. ყველაფერში მეხმარებიან. მასწავლიდნენ, რა როგორ უნდა გამეკეთებინა.
მადლობა ქალბატონ ნინოს, ამას ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ამხელა ნაბიჯი გადადგა. ისე არ დამასაქმა როგორც „ტიპი“. ეს დიდი სიმამაცეა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გავართვა. რადგან ჩემს უკან, ჩემი მეგობრებიც არიან“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გაბრიელა.























