
ჭავჭავაძის გამზირის გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის.
ინფორმაციას ამის შესახებ მერიის წარმომადგენლები ავრცელებენ, მათ შორის, დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანი და თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძე.
ხიზანიშვილის ქუჩაზე შესაბამისი ახალი საგზაო ნიშების მონტაჟი უკვე დაწყებულია.
წილოსანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დროის შემცირების მიზნით მიიღეს.
“ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ ჭავჭავაძეზე, ვეკუაზე და ხიზანიშვილზე, სადაც განხორციელდა ინფრასტრუქტურული ჩარევები.
ეს განპირობებულია იმით, რომ გვერდიდან შემოსულმა მანქანებმა არ შეაყოვნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
აღნიშნული იწვევს დაახლოებით 30- პროცენტიან შეყოვნებას
და ჩვენ თუ გვინდა დავაჩქაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო, ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ ეს შეფერხებები.
მაგალითისთვის რომ წარმოვიდგინოთ, თუ გვინდა გვქონდეს 10 -წუთიანი მოლოდინის დრო, შემომავალი ქუჩებიდან შემოსული ნაკადი დაახლოებით 30 პროცენტით აფერხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას” – განუცხადა ნეტგაზეთს წილოსანმა.
ხიზანიშვილის ქუჩაზე 15 გაჩერება მეტროს მხარეს მოეწყობა და მათ შორის მანძილი 500 მეტრი იქნება. შესაბამისად, მოსახლეობას უახლოეს გაჩერებამდე მისასვლელად დაახლოებით 250 მეტრის გავლა მოუწევს.






















